გასულ წელს საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი უცხოელი პრომეთეს მღვიმეს ესტუმრა. მათმა რაოდენობამ წლიურად 101 290 შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით, 25 000 ვიზიტორით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან პრომეთეს მღვიმეს უცხოელი ვიზიტორები უფრო ხშირად სტუმრობენ ვიდრე ქართველები, რომელთა რაოდენობაც 2017 წელს 62 651-ს შეადგენდა.
უცხოელებში პოპულარობით მეორე ადგილს მარტვილის კანიონი იკავებს, ერთ წელში 78 224 უცხოელი ვიზიტორით. ამ შემთხვევაშიც უცხოელი ტურისტების რაოდენობა ქართველებს (69 150) აღემატება.
მესამე პოზიციაზე ყაზბეგის ეროვნული პარკია, რომელსაც გასულ წელს 70 407 უცხოელი ტურისტი ეწვია. მას მოსდევს სათაფლია 31 954 უცხოელი ვიზიტორით და ოკაცეს კანიონი 31 774 ვიზიტორით. 31 579 უცხოელი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რაც ქართველ ვიზიტორებს თითქმის ორჯერ აღემატება. 21 170 უცხოელი ეწვია გასულ წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. ჯამში დაცული ტერიტორიები ერთ წელში 412 763-მა უცხოელმა მოინახულა.
რაც შეეხება მუზემ-ნაკრძალებს, ამ შემთხვევაში ყველაზე პოპულარული მიმართულება უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალია, რომელსაც გასულ წელს ჯამში 249 262 უცხოელი და ქართველი ვიზიტორი ეწვია. მას მოსდევს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, რომელსაც 136 158 ვიზიტორი ეწვია. მესამე ადგილზე კი გრემის მუზეუმია 15 765 ვიზიტორით. გასულ წელს, ვიზიტორები ყველაზე მეტად ნიკო ფიროსმანიშვილის სახელმწიფო მუზეუმს გაეზარდა. ზრდამ 142.5% შეადგინა, ვიზიტორების რაოდენობამ კი 6827. 35%-ით გაეზარდა ვიზიტორების რაოდენობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს, გრემის მუზეუმს კი 22%-ით. ჯამში გასულ წელს მუზეუმ-ნაკრძალები 436 417 ვიზიტორმა მოინახულა.
ეროვნულ მუზეუმებს შორის ყველაზე პოპულარული სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმია, რომელსაც გასულ წელს 84 092 ვიზიტორი სტუმრობდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რომელსაც გასულ წელს 75 026 ვიზიტორი სტუმრობდა. მესამე პოზიციას 56 567 ვიზიტორით გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი იკავებს. მას მოსდევს სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი 28 402 ვიზიტორით და სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმი 27263 ვიზიტორით. ჯამში გასულ წელს ეროვნულ მუზეუმებს 335 344 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2016 წელთან შედარებით, 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორების 25% საქართველოს ეროვნულ გალერეაზე მოდის, 17% გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმზე, ხოლო 22% კი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაზე. ვიზიტორების რაოდენობა წლიურად ყველაზე მეტად ძალისას მუზეუმში გაიზარდა და ზრდამ 176% შეადგინა, ვიზიტორების რაოდენობამ კი 741. 143%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
დატოვე კომენტარი