ინტერნეტტრაფიკის შემსწავლელი ანალიტიკური პლატფორმის, Cloudflare-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, TikTok-ი, 2021 წლის ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი გახდა – პირველად კომპანიამ ლიდერის პოზიცია ჯერ კიდევ თებერვალში მოიპოვა, ხოლო აგვისტოს შემდეგ პირველი ადგილი აღარავისთვის დაუთმია, მათ შორის Google-სთვისაც კი. ცნობისთვის, გასულ წელს გამოქვეყნებულ ამავე რეიტინგში, TikTok-მა მე-7 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ TikTok-სა და Google-ს შორის მწვავე კონკურენცია გაჩაღდა, რადგან ამერიკული ვებგვერდი მის ჩინელ კონკურენტს მხოლოდ 1.89%-ით ჩამორჩა. TikTok-ის ამგვარ წარმატებას ექსპერტები იმ ალგორითმებს უკავშირებენ, რომლებიც ჩინური სოციალური ქსელის მომხმარებლების გემოვნებას სწავლობენ და მუდმივად მათთვის სასურველ ვიდეოებს სთავაზობენ – ეს ყველაფერი მათ ინფორმაციის ერთგვარ შეკრულ წრედში ამყოფებთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩინური გიგანტის შემდეგ, მეორე ადგილი Google-მა დაიკავა, ხოლო მესამედან მეათემდე ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ისინი Facebook-მა, Microsoft-მა, Apple-მა, Amazon-მა, Netflix-მა, YouTube-მა, Twitter-მა და WhatsApp-მა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი რეიტინგის შედგენისას, Cloudflare-ს ყურადღება არ მიუქცევია Instagram-ისთვის, ხოლო მის ნაცვლად რეიტინგში WhatsApp-ი მოხვდა.
Cloudflare-ის განცხადებით, რეიტინგების შედგენისას ისინი ინტერნეტტრაფიკის გლობალური მოდელების შესახებ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, მათ შორის მომხმარებლების მიერ აპლიკაციების გამოყენების დეტალებს. გლობალური ვებტრაფიკის აღრიცხვა კომპანიამ 2020 წლის სექტემბერში დაიწყო.
დატოვე კომენტარი