“როდესაც ორთაჭალის გარყვნილ ლამაზმანებს ვხატავ, მათ შავი ცხოვრების შავ ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც გააჩნიათ სიცოცხლის სიყვარული – ეს ის ყვავილებია, რომლებიც მათი ფიგურების გარშემოა განლაგებული და ჩიტები მხრებთან. მე მათ თეთრ ზეწრებში ვხატავ, ვიბრალებ, თეთრი ფერით მე მათ ცოდვებისაგან ვასუფთავებ“, – ლადო გუდიაშვილთან საუბრის დროს უთქვამს თურმე ერთხელ ფიროსმანს.
ნიკალას ტილოებისგან განსხვავებით, ძველი ქართული პრესის გაყვითლებულ ფურცლებზე ასახული “ტურფების“ ისტორიებს არავინ ახატავდა ჩიტებს გარშემო და არც მათი ცხოვრების გზა ყოფილა ყვავილებით მოფენილი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, თბილისელი სექს-მუშაკები ძალადობის, პროსტიტუციაში ჩართვამდე კი – ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებოდნენ.
“ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვინმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო“,- იხსენებს კიდევ ერთი თბილისელი მხატვარი, კარაპეტ გრიგორიანცი. იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ კი ამ პროფესიის წარმომადგენელთა მოსახსენებლად ქალაქში დამკვიდრებული ტერმინებიც გვხვდება, მათ შორის: “აფრინდა გოგო – მეძავი“, “აფრინდა ქალი – ცუდი ყოფაქცევის ქალს ეწოდება“, “გაფოლორცებული – სახელგატეხილი, ნაძრახი ქალი“.
აქვე, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ტერმინი, რაც მკითხველისთვის დღეს არაპოლიტკორექტული და მიუღებელი შეიძლება იყოს, იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინები და ფრაზებია და ჩვენ მიერ მათი უცვლელად გადმოტანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.
ძველ ქართულ პრესაში დაცული მასალების მიხედვით ვრწმუნდებით, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოში პროსტიტუცია, გარკვეული ფორმით, ლეგალიზებული უნდა ყოფილიყო. მეტიც, შესაბამისი სამსახურები თითქოს ამ სფეროს მოწესრიგებაზე და კონკრეტული რეგულაციების დაწესებაზეც ზრუნავდნენ, თუმცა, ცალკე საკითხია, რამდენად გამოსდიოდათ, ან რეალურად სურდათ თუ არა შედეგის მიღწევა. მაგალითად, 1870-იანი წლების ბოლოს, ქალაქის რჩევაში “სანამუსო სახლების“, ე.წ. ბორდელების შესახებ გამართულა მსჯელობა:
“ჩვენს ქალაქის რჩევაში ხანგრძლივი ლაპარაკი ატყდა თფილისის სანამუსო სახლების თაობაზედ. ხმოვანმა ა. ზუბალოვმა დიდხანს ილაპარაკა ამ საგანზედ, მოიყვანა ევროპის ქალაქების მაგალითი – თუ რა ყურადღებას აქცევენ იქ ამგვარ სახლებსაო, სთქვა – თუ რა მავნებელი გავლენა აქვს ამგვარ ქალებს მცხოვრებლების ჯანმთელობაზედაო და სხვა და ბოლოს ურჩევდა ქალაქის რჩევას, რომ დაწვრილებით გამოიკვლიონ ეს საქმე და ეცადონ, რომ რამდენიმე გარყვნილი, ავათმყოფი ქალისაგან ქალაქის მცხოვრებლებს ვნება არ ეძლეოდესო.
ხმოვანმა დოქტორმა მარქაროვმა ამავე საგანზე, სხვათა შორის სთქვა, შესანიშნავიაო, რომ დოქტორის ბახუტოვის სიტყვით, თითქმის ყველა სანამუსო სახლები თფილისში გადამდგარ პოლიციის ჩინოვნიკებს უჭირავთო და საზოგადოთ ამ გვარ ქალებს ჩვენი პოლიცია სწყალობსო.
ხმოვანის ევანგულოვის წინადადებით, ქალაქის რჩევამ ქალაქის გამგეობას მიანდო ამ საგნის შესახებ ჯეროვან საშუალებათა მოპოება“.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით რამდენად რეალურია ვერსია ამ სფეროში პოლიციის გადამდგარ ჩინოვნიკთა ჩართულობის შესახებ, თუმცა ფაქტია, პოლიციის მოხელეთა მიმართ გარკვეული კითხვები არსებობდა.
თავად განსაჯეთ, რამდენად სარწმუნოა ძველი ქართული პრესის ცნობები ერთი მხრივ იმის შესახებ, თითქოს ერთ თბილისელ პოლიციის ოფიცერს ხელქვეითებისთვის მასთან „ორი ვიღაც საეჭვო ყოფა-ქცევის ქალის“ მიპატიჟება დაუვალებია, უარის მიღების შემდეგ კი დაქვემდებარებულები სამსახურიდან გაუთავისუფლებია; მეორე მხრივ კი „დროების“ კორესპონდენტის, უფრო სწორად კი, „ალექსანდროვის ბაღში თავისუფლად მოსიარულე“ ოთხი სექს-მუშაკის მონათხრობი, თუ რა მარტივად „უმკლავდებოდნენ“ პოლიციის დაბალი თანრიგის მოხელეებს – „იმათი წამალი ჩვენ ვიცით, თავიდან როგორ მოვიშოროთო“. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ბაღის ყველა შესასვლელთან მრავლად იდგნენ პოლიციელები, რომელთაც წესრიგის დაცვა ევალებოდათ…
ასე თუ ისე, თბილისელ სექს-მუშაკებთან მიმართებაში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათი კონტროლი იყო, რადგან არაერთხელ თქმულა, ზოგჯერ არცთუ სამართლიანად, რომ “ვერ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ რიცხვი იმ ახალგაზდებისა, რომელნიც ამ ხსნეებულ ქალების წყალობით საძაგელის სენით ლპებიან“. ამ საკითხს მოგვიანებით კვლავ შევეხებით.
“სანამუსო სახლების“ თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩანს, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ეს საკითხი აქტიურად მდგარა დღის წესრიგში. „თფილისის მოამბის“ ცნობით, ქალაქის მაშინდელ მთავარ პოლიცმეისტერს განკარგულებაც კი გაუცია, „საროსკიპო სახლები ქალაქს გარეთ გადაიტანონ და შემდეგშიაც არავის არ მიეცემა უფლება, რომ ამ გვარი სახლები სადმე შუაგულ ქალაქში გახსნასო“.
განკარგულება ერთია, რეალობა კი მეორე. ამ პერიოდისთვის „ტფილისში არის ისეთი გარყვნილების საბუდრები, რომელთ გაგონებაც კაცს ყურებში თითს დააცობინებს. სხვათა შორის, ერთი ამ უსაძაგლესთაგანი გარყვნილების ადგილი არის აბანოებთან სხვა-და-სხვა მიკიტან-ხანები და სამარცხვინო სახლები, რომელშიაც შესაზარი ცხოვრება გაძრიელებულა და მეტის-მეტად ცუდს მაგალითს აძლევს ხალხს“.
წარმოიდგინეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ქუჩის მოსახლეობა „ავი ზნის ყოფა-ქცევის ქალთა საცხოვრებელი სახლის“ სხვაგან გადატანას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ ამავე ქუჩაზე, ამ სახლის მეზობლად, ბევრი პატიოსანი ოჯახი ცხოვრობსო. ამგვარი გასაჭირი ადგა დღევანდელი – ჩიქობავას ქუჩის მოსახლეობას, სადაც 1897 წლისთვის 22 ლუდხანა უნდა ყოფილიყო გახსნილი:
“მაგრამ ლუდხანაც არის და ლუდხანაც. ყოველ დღე ამ ლუდხანებში სულ ცოტა სამი გარყვნილი ქალი გამოულეველია. ამ ცოტა ხნის წინად, მეცხრე ნაწილში ოთხი ლუდხანაში მყოფი ქალი გასინჯეს ექიმებმა და ოთხივე სხვა-და-სხვა გადამდები სენით ავადმყოფი აღმოჩნდა. ნუ თუ არ შეიძლება, რომ როდესაც ამ ნაირი ქალები ლუდით ვაჭრობის ნებართვის მოწმობებს იღებენ ხაზინაში, მოსთხოვონ ხოლმე ადგილობრივის პოლიციის მოწმობა ყოფა-ქცევის შესახებ. თუ რომელიმე ცუდი ყოფა ქცევისა გამოდგა, აღუკრძალონ ლუდით ვაჭრობა“.
ლუდხანებისა და სანამუსო სახლების გარდა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, სექს-მუშაკების სერვისის და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურების მიღება დაინტერესებულ პირებს იმ სასტუმროებიც შეეძლოთ, სადაც „არფიანკები და დამკვრელი ქალები ჰყავდათ“.
ძველი ქართული გაზეთები საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ ამგვარი სასტუმროების და მათი “შეუწყნარებელი“ სერვისის მიმართ. როგორც პრესის ფურცლებზე წერდნენ, „ერთი მრავალ საძაგლობათაგანი, რომელიც ჩვენ ქალაქსა სჭირს, არიან ერთგვარი, ვითომ სასტუმროები, რომელნიც უფრო მიკიტან-ხანებს მოგვაგონებენ, სადაც ერთად შეერთებულა ათას-გვარი საძაგლობა და ბინძურობა“; “ეს ვითომ სასტუმროები იზიდვენ ხალხს და ჰყვლეფენ იმ დამკვრელი და მომღერალი ქალების წყალობით, რომლებსაც “არფიანკებს“ ეძახიან“; “არფიანკები ჰყვლეფენ და აღატაკებენ ხალხს, რომელთაც ორიოდ სტაქნის დალევის შემდეგ, აღარ იციან რას შვრებიან“; “თუმცა აკრძალულია “არფიანკებმა“ ზალაში ფული ითხოვონ, მაგრამ ყოველთვის ერთს რაღაცას შესჩხავლებენ და ნოტებით ჩამოუვლიან გალოთებულ ხალხს“.
“რამდენი უბედურება სდევს ამისთანა ქალებთან ქეიფს, რამდენი კაცი შეიქმნა მსხვერპლად?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს გაზეთი „დროება“ და დასძენს, რომ ამ „არფიანკების“ წყალობით სასტუმრო „საქართველოში“ რამდენიმე კაცი გალახეს, დაჭრეს და ბოლოს მოკლეს კიდეც.
მართალია ასეთ სასტუმროებში კონკრეტულ კანონდარღვევებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა ამა თუ იმ სასტუმროში „ამგვარი დროს გატარების მოსპობის შემთხვევაში, ამ გვარ ქეიფს შეჩვეულნი პირველ სასტუმროს თავს დაანებებენ და დაიწყებენ სიარულს იქ, სადაც სიმღერის ხმას გაიგონებენ“.
“ამ გვარს დროს გატარებას ძირიანად ამოგდება ეჭირება და არა ისე, როგორც სასტუმრო “საქართველოში“ მოახდინეს, სადაც სასტუმრო ჯერ ერთი ამხანაგის სახელზედ იყო და აღუკრძალეს არფიანკების ყოლა, ახლა მეორე ამხანაგმა გააღო და ისევ ნება მისცეს…“, – ვკითხულობთ გაზეთ “დროების“ 1883 წლის ნომერში.
ჩანს, რომ საკითხი წლების შემდეგაც არ კარგავდა აქტუალობას. მაგალითად, 1894 წელს “სასტუმრო ოთახები “ევროპიული“, რომელიც გოლოვინის პროსპექტზედ იმყოფება, და “ერმიტაჟი“, ვერის ხიდთან მყოფი, დაკეტილ იქმნა, რადგან ამ სასტუმროების პატრონები უზნეო ქალებს ინახავდნენ და საზოგადოდ სასტუმრო ოთახებისათვის დადგენილ საზოგადო წესებს არ ასრულებდნენ“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისელი სექს-მუშაკების მიმართ მთავარი პრეტენზია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მაგალითად, 1889 წლის ზაფხულში ქალაქში სხვადასხვა „ავი ჭირი და სენი“ გავრცელებულა, ქალაქის ხელმძღვანელობას კი პოლიციის ყველა განყოფილებაში ბრძანება გაუგზავნია, „სასტიკად მოეპყარით ყველა უზნეო ყოფა-ქცევის ქალებს, იმათი სიები შეადგინეთ და ვალად დასდეთ, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯელ უეჭველად იარონ ექიმებთანაო.“
თბილისელი სექს-მუშაკების მიმართ არსებული ამგვარი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 1893 წლის ქალაქის საბჭოს კრებაზე მოუსმენიათ საყურადღებო სარჩელი ხმოსან ავთანდილოვისა, რომელიც სწუხდა იმ გარემოების გამო, რომ „ცუდის ყოფა-ქცევის ქალებს ვერ უყურებენ სათანადოთ ვერც სამოქალაქო ექიმები მთავრობისა და ვერც პოლიცია, რის გამოც ეს ქალები თვითონაც ავად ხდებიან სხვა-და-სხვა გადამდებთ სენით, ხალხშიაც ავრცელებენ ამ სენს. კარგად მოიქცევა ქალაქიო, უთქვამს ავთანდილოვს, “უკეთუ ზედამხედველობას თითონ იკისრებსო“.
აშკარაა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მომდევნო წლებშიც არ მოხსნილა. 1897 წლისთვის ქალაქს “ავის სენით შეპყრობილ ქალთათვის“ განკუთვნილი სამკურნალოს ხელმძღვანელობა მკურნალ ისტამანოვისთვის ჩამოურთმევია [რომელიც „იმის საქმეებს განაგებდა, როგორც ენებებოდა“] და სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორისთვის დაუქვემდებარებია. შედეგად, უკვე 1898 წელს, პოლიცმეისტერის თანაშემწეს, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი უბნის ლუდხანები დაუვლია, „რამდენიმე უზნეო ყოფა-ქცევის ქალი სადაც ჯერ არს იქ გაუგზავნია შესამოწმებლად“.
დამოკიდებულების ამგვარი ცვლილების მიუხედავად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისგან განსხვავებით, ძველი ქართული პრესის გაყვითლებულ ფურცლებზე სექს-მუშაკების შესახებ მოთხრობილი ისტორიები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი, დაჩაგრული და არცთუ იშვიათად – მოკლული ქალების თავსგადამხდარ ამბებს აღწერს, თითქოს ყოველგვარი თანაგრძნობისგანაა დაცლილი…
“სუმბათოვის ვიწრო ქუჩაში, ტფილისის მოქალაქემ გიორგი კუხიაშვილმა, რომელიც ძლიერ მთვრალი იყო, დანით დასჭრა ცუდი ყოფა-ქცევის ქალი, ალექსანდრა ლუკიანოვისა. დაჭრილი მიხეილის საავადმყოფოში გაჰგზავნეს და იქვე გარდაიცვალა“;
“აღდგომა დღეს კრწანისის ბაღებში დაუჭრიათ ვიღაც საეჭვო ყოფა-ქცევის ქალი“; „ის ქალი დაუჭრია აბანოების ახლო თავის საყვარელს ანდრიასოვს. წინად სონა [ასე ეძახდნენ იმ ქალს], საროსკიპო სახლში ყოფილა, მაგრამ ანდრიასოვს გამოუყვანია, ცალკე სახლი დაუჭერია და თავის ხარჯით არჩენდა თურმე სონას. ცოტა ხნის შემდეგ რაღაცა უსიამოვნება მოსვლიათ საყვარლებს და ქალს აღარ გაუტარებია თავისთან ანდრიასოვი. სამშაბათს ანდრიასოვი მიდენილა ქუჩაში, სონას დაუწყია იმისთვის უშვერის პირით ლანძღვა. მთვრალს ანდრიასოვს დანა ამოუღია და რამდენსამე ალაგას დაუჭრია საცოდავი სონა. დაჭრილი უკვე გარდაიცვალა“;
“ძაღლების უბანში, ივანოვის სახლში, ცუდის ყოფა-ქცევის ქალი სალომე ცარიაშვილი მარჯვენა ძუძუში დასჭრა იმისმავე საყვარელმა ვანო ჩიკორიძემ. დამნაშავე შეიპყრეს, ქალი-კი სამკურნალოში გაჰგზავნეს“.
დასასრულ, აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. იმის გათვალისწინებით რომ სექს-ინდუსტრიაში, პრაქტიკულად ყველა ეპოქაში, „დიდი ფული ტრიალებს“, შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ თბილისელი სექს-მუშაკების უმრავლესობა პროსტიტუციაში პირადი სარგებლის მიღების გამო იყო ჩართული, თუმცა რეალურად, საკმაოდ ხშირად, ეს ქალები ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებოდნენ.
იოსებ გრიშაშვილის “ქალაქურ ლექსიკონში“ ვკითხულობთ: “ოღრაში – კაცი, რომელიც როსკიპი ქალებით ვაჭრობს, ხშირად ოღრაშს თავისი „საყვარელი“ ჰყავს და იგი მას აქირავებს; ოღრაში ქალის სხეულით მოვაჭრეა. იგი ამით ცხოვრების სახსარს იჩენს. მაჭანკალი კაცი, რომელიც როსკიპ ქალთან ცხოვრობს და ამასთანავე აქირავებს; ქალებით მოვაჭრე, ქალზე რომ ექსპლოატაციას ეწევა“, თუმცა ქალზე ექსპლოატაციას მხოლოდ კაცები როდი ეწეოდნენ. ამ შემოსავლიან საქმეში ქალებიც ინტენსიურად იყვნენ ჩართული, რაზეც ძველი ქართული პრესაც ხშირად წერდა:
“კარგა ხანია იჩინა თავი ტფილისში ერთმა დიდმა ავ-ზნიანობამ და უნამუსობამ. ეს დიდი ავ-ზნიანობა და უნამუსობა ის არის, რომ ვიღაც სინიდისზე ხელ-აღებული დედაკაცები დაწანწალებენ აქეთ-იქით სოფლებში, არჩევენ ლამაზ ყმაწვილ ქალებს, მოჰყავთ ქალაქში ვითომ-და ხელზე მოსამსახურედ სახლში და მერე ან ჰყიდიან რამდენსამე ოცსა და ორმოც თუმნად, ან შეჰყავთ გარყვნილების სახლებში და ჰყავთ იქ საქონელივით სავაჭროდა და ფულის მოსაგებადა. აი ამ რამდენსამე ხნის წინადაც ჩამოუყვანიათ ტფილისში ორი ქალი და მიუყვანიათ ვიღაც ფეფელა სვიმონოვის საროსკიპო სახლში, აბანოების ახლო“.
ამავე თემაზე, საგულისხმოა ერთი გურული ქალის ნაამბობიც: „ერთი წელიწადია, რაც ჩააცივდა ერთი ჩვენი ნათესავი კაცი დედაჩემს: ქალი მომეცი, ქალაქში წავიყვან, გაგიზდიო. ხელობას ვასწავლიო. დედა ჩემი არ შვრებოდა, მაგრამ რომ არ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს ეს ვიფიქრეთ, თუ ჩვენი ნათესავი კაცი როგორ გვიღალატებს-მეთქი. ჩამომიყვანა აქ; სამი დღე ოთახში ვიყავი შემწყვდეული. მერე მოიყვანეს ერთი ვიღაცა ბებერი; იმან მნახა და წავიდა, ერთი სხვა მოიყვანა, რომელმაც სტოლზედ დათვალა ხუთი თუმანი ფული. მითხრეს: ხმა არ ამოიღო, კრინტი არ დაიძრა, თორემ ბალკონიდამ გადაგაგდებთო. ზოგმა ხანჯალით კარებში ჩამიდგა, ზოგნი ბალკონზედ დადგნენ… ეგრე გამომჭრეს ყელი საქვეყნოდ და ქვეყნის ლაფი თავს დამასხეს“.
როგორც „დროების“ კორესპონდენტი იუწყებოდა, 1876 წელს ეს ქალი გურიიდან-თბილისში ნათესავს, ვინმე ანტონ ხუხუნაძეს ჩამოუყვანია, „საროსკიპოში გამოჩენილ კესარიასთვის“ მიუბარებია და თავად „კიდევ წასულა იმერეთისკენ სხვა ქალის ჩამოსაყვანად.“
ფაქტია, ასეთი ამბები ძველ თბილისში იშვიათობა არ ყოფილა და ამ საქმეში არათუ ქალაქისა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებნი, სხვა ქვეყნების ქვეშევრდომებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ასე, მაგალითად, 1892 წელს, სტამბოლიდან თბილისში ოქროთი და ბრილიანტებით მორთული ქალი ჩამოსულა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულა. რამდენიმე დღეში სასტუმროს პერსონალისთვის მისთვის ლამაზი ახალგაზრდა ქალების მოძებნა დაუვალებია – „რომ მემსახურონ და თანაც წამომყვნენ ჩემს ქვეყანაშიაო“.
„მსახურს, რასაკვირველია, აუსრულებია ქალბატონის ბრძანება, მიუგვრია რამდენიმე ქალი, რომელნიც ხელ-საქმეს თურმე ეძებდნენ. დედაკაცმა კარგად დაასაჩუქრა ორივე. მეორე დღესვე ვიღაც კაცს ჩააბარა და სტამბოლს გაჰგზავნა. ამასობაში პოლიციამაც შეიტყო ამ დედაკაცის ტფილისში ჩამოსვლის აზრი და მაშინვე გაეშურა ოსმალელ დედაკაცის შესაპყრობლად, მაგრამ იმას უფრო ადრე გაეგო პოლიციის წადილი და გაქცეულიყო. ეს დედაკაცი აგენტი ყოფილა ოსმალეთის ერთ-ერთ საიდუმლო კანტორისა, რომელიც ჰყიდულობს და ჰყიდის ლამაზ ქალებს ჰარამხანებისათვის.“
შესაძლოა სწორედ ამგვარი „საიდუმლო კანტორის“ მსხვერპლი ყოფილიყო ჩვენი ამბის კიდევ ერთი მთავარი გმირი, რომლის ზღაპრული თავგადასავლის ბოლო, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კეთილია.
1886 წლის ორ თებერვალს, სტამბოლიდან ფოთის ნავსადგურში იმპორტული საქონლით დატვირთული გემი „ანატოლია“ შესულა. ნავსადგურში გაჩერებისთანავე, გემზე საშინელი ტირილი და ხმაური ამტყდარა.
„ხმა-მაღლივ სტიროდა ერთი ახალ-გაზდა ქართველი ქალი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინედ თურმე რაღაცა შავს ბედს სტამბოლში გადაეგდო და იქ ერთს „ავი-საქციელის სახლში“ მომწყვდეულიყო. ამ ორის თვის წინედ ამ სახლის პატრონს ეს საწყალი ქალი ერთს სპარსელისათვის მიეყიდნა 800 მანეთად. ამ ახალს პატრონს ქალი სპარსეთში წამოუყვანია.
რაწამს გემი ფოთში მოვიდა და საწყალმა ქალმა თავის სამშობლო დაინახა, გული ისე ამოუჯდა, რომ ვეღარ მოითმინა და საშინელი ტირილი დაიწყო. ტყუილად ცრემლებსა ჰღვრიდა და ეხვეწებოდა თავის პატრონს სპარსელს, ნება მიეცა ქალს თავისი ნათესავები მაინც ენახა. მაგრამ გულ-ქვა სპარსელი ყურს იყრუებდა და მარტო პირ-ურცხვად იძახდა: „როგორ გაუშო, ძვირად ჰმიზის, 800 მანათი ნაღდი ფული მივეციო“. ყველა, ვინც კი აქ დაესწრო, ამ ქალს გულ-მტკივნეულობით გამოესარჩლა, მაგრამ სპარსელის გული ვერაფრით მოალბეს.
ბოლოს გემის კომანდირმა ძალით წაართო სპარსელს ქალი და პოლიციას გარდასცა.“
ამ ამბავს მართლაც ზღაპრული დასასრული აქვს, რადგან თავად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რამდენად დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი იმგვარად მომხდარიყო, როგორც მოხდა.
თუმცა ფაქტი ერთია, საშინელი ბედის, უფრო სწორად კი უბედობისთვის განწირულ თბილისელ სექს-მუშაკებს, რეალურ ცხოვრებაში, ტილოებსა თუ გაყვითლებული გაზეთის ფურცლებზე, იშვიათად გამოუჩნდებოდნენ ფიროსმანის ან ხსენებული გემის კაპიტნის მსგავსი გულშემატკივრები, რომლებიც „ზღვის ქაფით განბანილ“, „თეთრი ზეწრით“ შემოსილ ქალებს ახალ შანსს, ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდნენ.
დატოვე კომენტარი