შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ: გერმანიაში დაფუძნებულ მაქს პლანკის სახელობის კვლევით ინსტიტუტში მოღვაწე ბენიამინ ლისტი და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე დევიდ მაკმილანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებს ჯილდო ასიმეტრიული ორგანოკატალიზის შემუშავებისთვის მიენიჭათ. შედეგად, ბენიამინ ლისტმა და დევიდ მაკმილანმა მოლეკულების ერთმანეთთან დაკავშირებისა და განლაგების ახალ მეთოდს მიაკვლიეს. ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალისტების მიღწევა არაერთ ფარმაცევტულ კვლევას დაედო საფუძვლად. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ახალი მედიკამენტების შექმნაც გახდა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, ბენიამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაფუძნებულ მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის პათოგენების მეცნიერული შესწავლისადმი მიძღვნილ კვლევით დაწესებულებაში მოღვაწე ემანუელ შარპანტიე და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბერკლიში განლაგებულ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე ჯენიფერ დუდნა გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ამ სფეროში მოღვაწე 113-მა მეცნიერმა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში 4-დან 11 ოქტომბრამდე დასახელდებიან. ჯილდო უკვე გადაეცათ ფიზიოლოგია-მედიცინისა და ფიზიკის სფეროს წარმომადგენელ სპეციალისტებს.
ილუსტრაცია: Niklas Elmehed/Nobel Prize