2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა “კარფურისთვის” სტრატეგიული ნაბიჯი იყო.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში MAJID AL FUTTAIM-ი წარმოადგენს. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და 7 წლის იუბილე 14 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით აღნიშნა.
კარფურის ისტორია 1995 წელს იწყება, როცა ბრენდი რეგიონში Majid Al Futtaim-მა წარმოადგინა. ეს უკანასკნელი რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში “კარფურს” წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი “კარფურის” 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. “კარფური” მაღაზიათა სხვადასხვა ფორმატს განკარგავს და არაერთი ონლაინშეთავაზებაც აქვს, თავისი მრავალფეროვანი სამომხმარებლო ბაზის მზარდი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს და “შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე” – სწორედ ეს გახლავთ კომპანიის ხედვა.
ყოველივე ზემოთქმული კი ერთი კაცის ხედვას ემყარება. ბატონი მაჯიდ ალ ფუტაიმი გვყავს მხედველობაში. სწორედ მან გადაწყვიტა, პირველს შეექმნა სავაჭრო და გასართობი ცენტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იქაური წარმატების შემდეგ კომპანია სხვა ქვეყნებშიც გაფართოვდა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უდაბნოში თხილამურებზე სრიალს შეძლებდა, მაგრამ მომხმარებლებს ასეთი შესაძლებლობა პირველად 2005 წელს დუბაიში მიეცათ, ხოლო შემდეგ უკვე ეგვიპტეში სწორედ მაჯიდ ალ ფუტაიმის დამსახურებით, რომელიც მუდმივად აოცებს თავის მომხმარებლებს ყველა ბაზარზე. მაჯიდ ალ ფუტაიმი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, “კარფურის” ბრენდს თანამედროვე ვაჭრობის რეგიონალურ სტანდარტად აქცევს.
“ამასთან, ‘კარფურის’ – ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის – გამოჩენამ საქართველოში საშუალება მოგვცა, ქვეყანა და ადგილობრივი მომხმარებელი თანამედროვე ვაჭრობას გასცნობოდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ საქართველოს ვაჭრობის სტატუს კვოს გამოწვევა მოვუწყვეთ და მომხმარებელს სრულიად ახალი და უკონკურენტო შოპინგ- გამოცდილება შევთავაზეთ
“ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებით საქართველოში და ვამაყობ იმით, რასაც შვიდ წელიწადში მივაღწიეთ”, – ამბობს Carrefour Georgia-ს გენერალური დირექტორი ქრისტოფ ორსე და რუკაზე ფილიალებს მათი გახსნის ქრონოლოგიით მაჩვენებს “კარფურის” პირველი ფილიალები ჯერ თბილისში, 2017-ში კი ბათუმშიც გაიხსნა. გაფართოება გრძელდება სხვადასხვა ფორმატის კონცეფციით, რათა სუპერმარკეტების, ჰიპერმარკეტებისა და პატარა ზომის მაღაზიების უფრო მეტი აღმნიშვნელები დაამატოს ქვეყნის რუკაზე.
“მეტი ალბათობით, ჩვენ კვლავ სუპერმარკეტის მოდელით ვიმუშავებთ, რაც არაჩვეულებრივად ერგება ადგილობრივ ბაზარს და საქართველოში ზრდის შესაძლებლობას წარმოადგენს. მენეჯმენტის თქმით, ბათუმი დიდი პოტენციალის ქალაქია და მის ბაზარზე გაფართოება გარდაუვალია.
“კარფური” განაგრძობს გაფართოების შესაძლებლობათა ძიებას, რათა შოპინგის უნიკალური გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს და საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. რაც შეეხება გაფართოებას, “კარფურმა” უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, უახლოეს თვეებში “კარფური” რუსთავში გაიხსნება. გარდა ამისა, კომპანია ისეთ ქალაქებში შესვლასაც განიხილავს, როგორიცაა ქუთაისი, თელავი, გორი, ზუგდიდი და სხვ. 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში “კარფურის” ევოლუციის თვალსაზრისით: ამ წელს კომპანიამ ხელშეკრულება დადო Wissol Group-თან, Smart-ის ქსელის ექვსი მაღაზია იქირავა და ისინი “კარფურად” გარდაქმნა. ყველა მათგანი თბილისში, კარგ ადგილასაა განთავსებული. ექვსივე ეფექტიანად მუშაობს და შედეგიც, შესაბამისად, დამაკმაყოფილებელია.
ასევე, ბოლო პერიოდში, “კარფურმა” გახსნა და წარმატებით გამოსცადა პატარა ფორმატის მაღაზია, ერთი – ვაკეში, მეორე კი ნუცუბიძეზე. “კარფურის” გენერალური დირექტორი კომპანიის გაფართოების პერსპექტივას პატარა ფორმატის სუპერმარკეტებში ხედავს. კომპანიის განვითარების გეგმა ყოველთვის რაციონალური და პრაგმატულია. ეს იმას გულისხმობს, რომ მენეჯმენტი ყურადღებით შეისწავლის თითოეულ პროექტს, რათა დარწმუნდეს, რომ ის სათანადოდ იმუშავებს. “კარფური” კაპიტალს განვითარებაში აბანდებს, ნებისმიერი ინვესტიცია კი მინიმალურ ზღვრულ უკუგებას საჭიროებს არა მხოლოდ ფულის, არამედ იმიჯის, რეპუტაციისა და მომხმარებლის კმაყოფილების თვალსაზრისით. როგორც პასუხისმგებლიანი, გრძელვადიანი ინვესტორი, “კარფური” თადარიგს იჭერს და ყველაფერს საფუძვლიანად აფასებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბიზნესისათვის ოპერაციები წარმატებული და მდგრადი იქნება.
Carrefour Georgia-ს მიერ საკუთარი თავისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მხოლოდ გლობალური სტანდარტების უზრუნველყოფით არ ამოიწურება. ქრისტოფ ორსეს აზრით, კომპანიას აგრეთვე ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის, ტრადიციისა თუ კულტურის დაცვა აქცევს მისაბაძად. წარმატება “საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით” მიიღწევა.
ფასების პოლიტიკა
“ყოველთვის დაბალი ფასები” – სათქმელად ადვილია, თუმცა შესასრულებლად, რა თქმა უნდა, უფრო რთული. “კარფურში” თვლიან, რომ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი მათსა და მათ მეტოქეებს შორის სწორედ ფასებია, ვინაიდან ფასები მუდამ იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის და ეს ფუნდამენტურ ინდიკატორად იქცა კომპანიისთვის. “კარფურის” მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
“ფასების ჩვენეული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე ფასებს ვინარჩუნებთ ჩვენს სხვადასხვა ფორმატის ყველა მაღაზიაში. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სამართლიანია ყველა მომხმარებლის მიმართ! თუმცა იმასაც ვიტყოდი, რომ ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ნამდვილი გამოწვევა, მაგრამ ეს ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ”, – ამბობს Carrefour Georgia-ს გენერალური დირექტორი.
ადამიანური კაპიტალი, როგორც კონკურენტული უპირატესობა
“კარფური” აქტიურად მუშაობს დასაქმების მიმართულებით, რათა კომპანიაში მოიზიდოს ნიჭიერი და პერსპექტიული ადგილობრივი კადრები და არა მხოლოდ მიიზიდოს, არამედ შეინარჩუნოს კიდეც. ამ მიდგომას საუკეთესოდ ასახავს OHI (ორგანიზაციული სიჯანსაღის ინდექსი). ეს არის კვლევა, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად ატარებს თანამშრომლების კმაყოფილების, მოტივაციის, ჩართულობისა და ლოიალობის გამოსავლენად. დღეს კომპანია “კარფურს” საქართველოში 2,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, მათი 99% კი საქართველოს მოქალაქეა.
“კარფური” ამაყობს, რომ კომპანიაში თანამშრომლების კარიერული წინსვლისა და წარმატების უამრავი მაგალითი აქვს. კომპანიაში ბევრი თანამშრომელია, ვინც კარიერა “კარფურში” საწყისს პოზიციაზე დაიწყო, დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს და კომპანიაში საკვანძო პოზიციას იკავებს. კომპანიის შიდა “თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამა” ხელს უწყობს ნიჭიერი თანამშრომლების გამოვლენას და მათ პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვას.
“ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი. მათ ეს ჩემზე უკეთ იციან. ამიტომაა, რომ მათ განვითარებაში დიდ ინვესტიციას ვახდენთ. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ვამაყობ, რომ ჩემ გვერდით ნიჭიერი ქართველები ისეთ აღმასრულებელ თანამდებობებზე არიან, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური დირექტორი ან მარკეტინგისა და შესყიდვების დირექტორი”, – ამბობს ქრისტოფ ორსე.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ Majid Al Futtaim-მა ლიდერობის ინსტიტუტი შექმნა – შიდა სასწავლო პლატფორმა Majid Al Futtaim-ის თანამშრომელთათვის არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ სხვა უამრავი მიმართულებით. კომპანია საუკეთესო მსოფლიო დონის კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობს. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტრენინგებს ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარების განსავითარებლად და ასევე ასწავლის ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიც მონაცემთა ანალიტიკაა. “კარფურში” მიაჩნიათ, რომ განვითარება საწყისი პოზიციებიდან უნდა დაიწყონ და რომ ნიჭი ყველაშია, მას უბრალოდ აღმოჩენა სჭირდება. სწორედ ამიტომ, “კარფურმა” ცოტა ხნის წინ თანამშრომლებისთვის თბილისში ახალი სწავლებისა და განვითარების ცენტრი გახსნა. “ტრენინგებს ყველა ოპერაციული მიმართულებით დავნერგავთ. ესენია: ციფრული ტექნოლოგიები, გაყიდვები და მარკეტინგი, ჰიგიენა, უსაფრთხოება და მომხმარებელთა სერვისი. ამასთან, ვეცდებით, გამოვავლინოთ თანამშრომლები, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ. მომდევნო თვეებში ორ ახალ მაღაზიას გავხსნით და ხალხი დაგვჭირდება. ისინი აუცილებლად ადგილობრივი კადრები იქნებიან. აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდა თაობის ნიჭიერებით საქართველოში”, – ეუბნება ქრისტოფ ორსე Forbes Georgia-ს.
“კარფური” კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ მას 2020-ისთვის დაასრულებს. მათი პროგნოზის თანახმად, თანამედროვე ვაჭრობა (ორგანიზებული ვაჭრობა) საქართველოში დამდეგ წლებში გაიზრდება. მაგრამ, როგორც ცნობილია, საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო კურსები არ არის, რომელიც ახალ თაობას, მაგალითად, სავაჭრო მარკეტინგს, ან მომარაგების ქსელის კვლევას შეასწავლის. “კარფურის” მენეჯმენტის აზრით კი თანამედროვე ვაჭრობის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს, რისთვისაც ერთგვარი ხიდის აგებას ცდილობენ ევროპულ ბიზნესსკოლასა და თბილისის უნივერსიტეტს შორის: ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის ფარგლებში, ახალმა თაობამ უნდა შეძლოს თანამედროვე ვაჭრობის სწავლა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვაჭრობაში სპეციალიზებული კურსდამთავრებული ახალგაზრდების შემოდინებას ბაზარზე. აღნიშნული პარტნიორობის მეშვეობით, “კარფური” მზად არის, კომპანიაში სტაჟიორები მიიღოს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ “კარფური” საქართველოში აქტიურად არის ჩართული პროფესიულ განათლებაში, რადგანაც მათი სურვილია, მსურველებს ხელი შეუწყონ, მაგალითად, ყასბის ან მცხობლის პროფესიის დაუფლებაში. აღნიშნულის საფუძველზე, კომპანია კიდევ ერთ ხელშეკრულებას აფორმებს ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯთან, რათა, უპირველეს ყოვლისა, გაუზიაროს გამოცდილება და დარწმუნდეს, რომ ტრენინგები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. “კარფური” ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 50-მდე საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ “კარფური” დაჯილდოვდა როგორც ერთ- ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ბორჯომის აღდგენის კამპანიაში, რაც ტყის მასიური ხანძრის შემდეგ გახდა საჭირო. “კარფურმა” მაშინ სწრაფი ნაბიჯები გადადგა და ტრაგედიის დროს, ადგილზე, მეხანძრეები და მაშველები საკვებით, სასმელითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით უზრუნველყო.
“კარფურმა” 2018-ის აპრილში, გარემოს დაცვის მიმართულებით, რიგი ინიციატივები წამოიწყო, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს. ეკოლოგიურ კამპანიას “დააფასე გარემო” ჰქვია და მისი მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების უპირატესობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კომპანიამ ფოტოკონკურსი გამოაცხადა, რათა შეექმნა მომხმარებლისთვის სასურველი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები. 31 მარტიდან ისინი ყველა იმ მომხმარებელს აჯილდოებენ, ვინც საყიდლებზე ნებისმიერი ტიპის მრავალჯერადი გამოყენების ჩანთით მოდის. წელს დაჯილდოებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 637,000 ადამიანი შეადგინა. გარდა ამისა, წელსვე “კარფურმა” საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირველი ჩანთა გამოუშვა. კამპანიის შედეგად, მომხმარებლების მიერ პლასტიკური პარკების გამოყენება 60%-ით შემცირდა.
“აქტიურად ვმუშაობთ, რომ პლასტიკური პარკების მოხმარება მაქსიმალურად შევამციროთ. მაგრამ ეს სხვა სავაჭრო ქსელებმაც უნდა გააკეთონ, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენთვის ერთ- ერთი პრიორიტეტია. ასევე, ოფისში პლასტიკის ბოთლების მოხმარებაზეც გვაქვს შეზღუდვები, მათ ნაცვლად თანამშრომლებს მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებს ვურიგებთ. წყლისა და ელექტრობის მოხმარების წინააღმდეგაც ვიბრძვით და წლის დასაწყისიდან მართლაც შევამცირეთ მოხმარება 8%-ით”,- განაცხადა ბატონმა ორსემ.
გარდა ამისა, “კარფური” თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაცასთან, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამჟამად კომპანიაში რამდენიმე თანამშრომელია, რომლებიც სრულად არიან ინტეგრირებულნი “კარფურის” თანამშრომელთა გუნდში. “კარფურის” მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით დანერგილი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობათა ადვოკატირება და ლობირება” იყო. პროექტის სამიზნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია და საგანმანათლებლო და დასაქმების სისტემაში ჩართვა წარმოადგენდა. “კარფური” წლის ერთ- ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა.
“კარფური”, როგორც სასარგებლო ბიზნესი ბაზარზე
“კარფურს” საკუთარი მოდელი აქვს, მენეჯმენტის გუნდმა კი იცის, როგორ უნდა ამ მოდელის პრაქტიკაში ამუშავება. მათ, გლობალური ჯგუფის სტრატეგიის მაგალითზე დაყრდნობით, ეფექტიანი ლოკალური მიდგომა აქვთ. არსებობს გარკვეული ფუნდამენტური ელემენტები, რასაც მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, იყენებენ, და ერთ- ერთი მათგანი ხარჯების, ხარისხისა და მდგრადობის მიხედვით კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაა მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დღეს კომპანია უაღრესად კმაყოფილია თავისი ოპერირებით და თვლის, რომ ეს მისი გრძელვადიანი ხედვის დამსახურებაა. ივნისში “კარფური” მეათე ყველაზე დიდ კომპანიად დასახელდა, აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის კუთხით ათეულში მხოლოდ “კარფური” მოხვდა. კომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერიცაა: სულ 14 მაღაზიის მიუხედავად, მისი საბაზრო წილი 25%-ს შეადგენს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებით საქართველოში და ვამაყობ იმით, რასაც შვიდ წელიწადში მივაღწიეთ. ეკონომიური ფასების სტრატეგიით, მჯერა, რომ “კარფურს” საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის შენარჩუნებაში მცირედი წვლილი შეაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ასე სწრაფად რომ ვიზრდებით. ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელიც იზრდება. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ მომხმარებლებისთვის დაგროვების პროგრამა სახელად My CLUB-ი, დავნერგეთ, სლოგანით “დააგროვე მეტი და დაზოგე მეტი”, პირველი შედეგებით და მომხმარებელთა ჩართულობით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან, რათა შევძლოთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და “შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე”,- აცხადებს “კარფურის” გენერალური დირექტორი.
დატოვე კომენტარი