გლობალური სიმდიდრის კვლევის ორგანიზაციის, New World Health-ისა და ინვესტიციების მიგრაციის მრჩეველთა ფირმის, Hensley&Partners-ის ერთობლივი კვლევით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ვიეტნამის სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კვლევის თანახმად, სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური სახელმწიფოს სიმდიდრის ზრდა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში 125%-ს შეადგენს. კვლევითი ორგანიზაციების განმარტებით, ეს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ზრდის მიზეზი ვიეტნამის, როგორც საწარმო-ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ მომატებული ინტერესია. „ვიეტნამის პოპულარობა, როგორც საწარმოო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსი, სულ უფრო იზრდება. დაინტერესებას იჩენენ ტექნოლოგიური, ავტოინდუსტრიული, ელექტრონული, ტანსაცმლისა და ქსოვილების კომპანიები“ – აღნიშნავს საინვესტიციო ფირმის ერთ-ერთი ანალიტიკოსი.
ვიეტნამთან ერთად, დიდი ზრდა ექნება ინდოეთსაც. კვლევის თანახმად, 2027 წლისთვის ინდოეთის ეკონომიკა მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ეკონომიკა გახდება. როგორც ნავარაუდებია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში სიმდიდრის ზრდის მაჩვენებლი 110%-ს შეადგენს. შედეგად, ზრდის მაჩვენებლით ის ვიეტნამის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.
საინტერესოა, რომ ამჟამად ვიეტნამში 19,400 მილიონერი ცხოვრობს და ქვეყანა სიმდიდრის შესაქმნელად უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა. გარდა ამისა, ვიეტნამი ქვეყანაში საწარმოო ოპერაციების შექმნისათვის ინვესტორებს გარკვეულ შეღავათებსაც სთავაზობს. ქვეყნის სიმდიდრის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მისი სტრატეგიული მდებარეობა, ჩინეთთან და ზღვაზე გასასვლელთან სიახლოვე, ინვესტიციების ნაკადები და იაფი მუშახელი იქნება. ამჟამად ქვეყნის მშპ-ის 25% სწორედ წარმოებაზე მოდის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ათი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ვიეტნამში $2,190-ს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია და $4,100-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ვიეტნამის ეკონომიკურ ზრდას ხელს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებიც შეუწყობს. ვიეტნამში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2023 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და $36.6 მილიარდი შეადგინა.