A.T. Kearney ყოელწლიურ რეიტინგს – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნდობის ინდექსს აქვეყნებს. მის შესადგენად 1000 ინვესტორი გამოიკითხა.
რეიტინგში პირველ ადგილს, წინა წლის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მას 3 სარეიტინგო ქულიდან 2,05 აქვს მინიჭებული. ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებული გაურკვევლობებისა, უცხოელი ინვესტორებისთვის ამერიკა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე „მეგობრული“ ქვეყანაა.
მეორე პოზიციას გერმანია იკავებს, რომელმაც 2016 წლის შემდეგ, საკუთარი პოზიცია 2 საფეხურით გაიუმჯობესა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ რეიტინგში გერმანიამ მეორე ადგილი დაიკავა, მისი ავტორები კი მიზეზად ბრექსითის შემდგომ ქვეყნის მიმართ გაზრდილი ინტერესით ხსნიან .
ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა ჩინეთი, თუმცა ის სტაბილურად იკავებს ადგილს სამეულში.
მიუხედავად ევროკავშირის დატოვებისა, უცხოელი ინვესტორების ინტერესი და ნდობა გაზრდილი გაერთიანებული სამეფოს მიმართ, რომელმაც პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ხუთეულს ასრულებს კანადა, რომელიც გასულ წელს მეოთხე პოზიციაზე იყო.
ზედიზედ მეორე წელია რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე იაპონიაა, ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი კი IT ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ.
რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს საფრანგეთი, მერვეს კი ინდოეთი – ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნების ათეულში მეორედ მოხვდა.
მეცხრე ადგილზეა ავსტრალია, რომელიც გასულ წელს მეშვიდე პოზიციაზე იყო. ათეულს კი სინგაპური ასრულებს.
რაც შეეხება ინვესტიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს, – პირველ ადგილზე უსაფრთხოების საკითხებია, – ინვესტორების 15% ქვეყანას პირველ რიგში სწორედ ამ კრიტერიუმით აფასებს. ეფექტური სამართლებრივი გარემო – ინვესტორების 14% მიიჩნევს, რომ თანხის დაბანდებისას ქვეყანაში გადამწყვეტი, სწორედ სამართლებრივი და რეგულატორული გარემოა. ასევე, 14% არჩევანს საგადასახადო სისტემის მიხედვით აკეთებს, ინვესტორების 13% კი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობაა. ინვესტორების 12-12% მიიჩნევს, რომ უპირველესი ქვეყანაში ბაზრის ზომა და მაკროეკონომიკური მდგომარეობაა.
დატოვე კომენტარი