მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში 8 012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. 2015-2016 სასწავლო წელთან შედარებით უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში გაზრდილია, შარშან ქვეყანაში 6 643 უცხოელი სტუდენტი ფიქსირდებოდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ბაკალავრიატის საფეხურზე 3611 უცხოელი სტუდენტია, ხოლო მაგისტრატურაზე – 4401.
ბაკალავრიატზე ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი – 2235 – სოციალური მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლის საფეხურზე სწავლობს.
792 უცხოელი სტუდენტი ირიცხება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბაკალავრიატის საფეხურზე, ხოლო 204 – მეცნიერების ფაკულტეტზე.
რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, 2016-2017 სასწავლოწლებში ყველაზე მეტი უცხოელი მაგისტრანტი საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე იყო, – მათი რაოდენობა 4232-ია. უცხო ქვეყნის 119 სტუდენტი სწავლობს საქართველოში სოციალური მეცნიერებების, სამართლისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე.
2016 წელს დოქტურანტურის საფეხურზე საქართველოში უცხო ქვეყნის 83 სტუდენტი ირიცხებოდა.
ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში აზერბაიჯანიდანაა. წელს მეზობელი სახელმწიფოდან 2650 სტუდენტი სწავლობს საქართველოში, შარშან კი 2 388ფიქსირდებოდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 2505 სტუდენტით, მესამეზე ერაყი – 974 სტუდენტით. საქართველო საინტერესოა ნიგერიელი სტუდენტებისთვისაც, მიმდინარე სასწავლო წელს 439-მა ადამიანმა აირჩია საქართველო სასწავლებლად.
დატოვე კომენტარი