ქვეყნების მიხედვით, კოსმოსში გამგზავრებული ქალების რაოდენობა

16 ივნისს, პირველი ქალის კოსმოსში გაშვებიდან 60 წელი შესრულდა. 1963 წლის 16 ივნისს, 26 წლის რუსი კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა საბჭოთა კავშირის „ვოსტოკ-6“-ის კოსმოსური ხომალდით ექსპედიციაში გაემგზავრა. ოცი წლის შემდეგ კოსმოსში, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასტრონავტი ქალი, სალი რაიდი გაემგზავრა.

წარმოდგენილი რეიტინგი World Space Flight-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი და სახელმწიფოების მიხედვით, კოსმოსში გაშვებული კოსმონავტ-ასტრონავტი ქალების რაოდენობას ასახავს. World Space Flight-ის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში, კოსმოსში გაშვებული ქალების რაოდენობით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (59), მეორე პოზიციას კი რუსეთი (7) იკავებს. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, ორ-ორი ასტრონავტი ქალით, იაპონია, ჩინეთი და კანადა იკავებენ.

არცთუ ისე ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, კოსმოსში გამგზავრებულ კოსმონავტ-ასტრონავტი ქალებისა და კაცების რაოდენობას შორის დღემდე საკმაოდ დიდი განსხვავება ფიქსირდება. 2023 წლის 16 ივნისისთვის, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კოსმოსში გაშვებული ასტრონავტი ან ორბიტალური კოსმოსური ტურისტი მამაკაცების რაოდენობა 325-ს უტოლდება. შემდეგ მოდის რუსეთი, 121 პირით, ჩინეთი (16), იაპონია (14) და კანადა (11). გარდა ამისა, World Space Flight-ის მონაცემებით, დღემდე, ორბიტაზე კოსმოსური ტურიზმის ფარგლებში, მხოლოდ სამი ამერიკელი და ერთი რუსი ქალია გამგზავრებული.

World Space Flight-ის თანახმად, 2023 წლის ივნისისთვის, ქვეყნების მიხედვით, კოსმოსში გაშვებული კოსმონავტ-ასტრონავტი ან ორბიტალური კოსმოსური ტურისტი ქალების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 59
  2. რუსეთი – 7
  3. კანადა – 2
  4. ჩინეთი – 2
  5. იაპონია – 2
  6. ბრიტანეთი – 1
  7. საფრანგეთი – 1
  8. იტალია – 1
  9. საუდის არაბეთი – 1
  10. სამხრეთი კორეა – 1