ბაზარზე ოპერირების 20 წელი და 500-მდე განხორციელებული პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია ჭიათურის საბაგიროს მშენებლობა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ამბროლაურის აეროპორტი, სათაფლიის ნაკრძალის, წყალტუბოსა და თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. ამჟამად კომპანიას 40-მდე მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის თექვსმეტ ქალაქში – პროექტი „განახლებული რეგიონები“.
„არ არსებობს მცირე და მსხვილი პროექტები, არსებობს საინტერესო და უინტერესო პროექტები“, – აცხადებენ კომპანიაში და თვლიან, რომ „დაგი“ ქვეყნის სავიზიტო ბარათებს ქმნის. 20 წლის წინ დაწყებული მშენებლობის ისტორიასა და განვითარების გზაზე კომპანიის დამფუძნებელს, გოგი გულორდავას ვესაუბრეთ.
არსებული ნდობისა და დაგროვილი გამოცდილების წყალობით დღეს სამშენებლო ბიზნესი ალბათ გაცილებით მარტივად საკეთებელია, ვიდრე მაშინ, როცა თქვენ დაიწყეთ ოპერირება. როგორი იყო „დაგის” განვითარების გზა?
ვფიქრობ, სამშენებლო ბიზნესი არც დღეს არის მარტივი საკეთებელი. ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, საჭიროა მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა. სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად, განვითარებულ ტექნიკასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების მოძიება ან/და მათში ინვესტიციის ჩადება და სწავლება, სიახლეების მიმღებლობა და დანერგვა, შრომისმოყვაროება, გამომწვევისკენ სწრაფვა. სწორედ ეს თვისებები აღმოჩნდა „დაგის“ 20-წლიანი განვითარებისა და ზრდის განმსაზღვრელი. შესაბამისად, დღეს ვამაყობთ ჩვენ მიერ შესრულებული თითოეული უნიკალური პროექტით, რომლებმაც მოგვცა საშუალება, მოვსულიყავით დღეს არსებულ შედეგამდე. ზრდას და განვითარებას, რაღა თქმა უნდა, მომავალშიც არ შევწყვეტთ და აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეთ.
რის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას, რომელ პროექტში შეხვიდეთ?
ჩვენ პროექტებს არ ვყოფთ მსხვილ და მცირე ზომის პროექტებად. არსებობს საინტერესო და უინტერესო პროექტები. საბედნიეროდ, გვაქვს იმის საშუალება, რომ თავისუფლად ავირჩიოთ, რომელ პროექტში დავდებთ „აგურს“. შესაბამისად, მონაწილეობას ვიღებთ მხოლოდ ჩვენთვის არსობრივად და ფინანსურად საინტერესო პროექტებში და, გამარჯვების შემთხვევაში, ენთუზიაზმით ვასრულებთ მათ. რაც შეეხება პროექტების გეოგრაფიულ განაწილებას, როგორც იცით, მხოლოდ თბილისში არ ვოპერირებთ, გვაქვს მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო ობიექტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
კერძო სექტორის შემთხვევაში ვის ემსახურებით?
გვქონდა არაერთი კერძო დაკვეთა, მაგალითად, ასეთი იყო სასტუმრო „შერატონის“ რეაბილიტაცია თბილისში, დინამოს საწვრთნელი ბაზა, სოლოლაკში მდებარე სასტუმროს მშენებლობა, ღვინის ქარხნის მშენებლობა მარტვილში, სასტუმრო „მუზეუმი“ თბილისში და ა.შ.
პროექტი, რომელმაც კომპანიის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა…
ყველა პროექტი იყო უნიკალური და მნიშვნელოვანი და ხელს უწყობდა კომპანიის ზრდას და მეტი გამოცდილების დაგროვებას. იმ პერიოდისთვის, ტექნოლოგიური თვალსაზრით, საინტერესო გამოწვევა იყო სათაფლიაში არსებული გადაკიდებული მინის ხიდი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც უცხოელი პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე ვახორციელებდით და რომელიც „დაგისთვის“ ამ დარგში დიდი გამოცდილების მომტანი იყო. შემჭიდროებულ ვადებში მოცულობითი სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით გამოვარჩევდი 186-ე საჯარო სკოლას („მეგა სკოლა“) და ამბროლაურის აეროპორტის ობიექტებს, რომლებიც რამდენიმეთვიან ვადაში დავასრულეთ.
2008 წელს, რუსეთის მიერ ომის დაწყების პერიოდში, ვაშენებდით სკოლას მარტვილში. სამშენებლო სამუშაოები იმ მძიმე წუთებშიც არ შეგვიჩერებია და შემოვლითი გზებით ვახერხებდით, ჩაგვეტანა სამშენებლო მასალა მარტვილში, რათა აგვისტოს ომს ხელი არ შეეშალა სექტემბერში სკოლის გახსნისა და სასწავლო პროცესისთვის. ეს პროექტი ემოციურადაც რთული იყო, თუმცა ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ის იყო, რომ ქვეყნის შენება არ შეგვეჩერებინა.
ჩვენთვის საამაყოა, რომ „დაგი“ ქმნის ქვეყნის სავიზიტო ბარათებს. როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია სათაფლიის ნაკრძალი, განახლებული რეგიონები თითოეული ადმინისტრაციული ცენტრის და სკვერის ახალი იერსახით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ამბროლაურის აეროპორტი, განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი, სკოლა-სახელოსნო „ქვევრის სახლი“ იყალთოში და ა.შ.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ამჟამად ერთდროულად საქართველოს 16 ქალაქში ახორციელებთ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელ ქალაქში რა ტიპის ობიექტებზე მუშაობთ და რა ვადებში გეგმავთ მათ დასრულებას?
ამჟამად გვაქვს 40-მდე მიმდინარე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თექვსმეტ ქალაქში – პროექტი „განახლებული რეგიონები“. ამ პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, მიმდინარეობს დამამთავრებელი სამუშაოები და წლის ბოლომდე რეგიონები განახლებული იერსახით შეგვიძლია, ვიხილოთ. პირველი ეტაპი მოიცავდა სკვერების, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულ იქნა თბოეფექტიანი, თანამედროვე და ხარისხიანი მასალა, მოხდა სკვერების განათება, გამწვანება და სხვადასხვა ინვენტარითა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონებით აღჭურვა, ზოგიერთ ლოკაციაზე მოეწყო შადრევანი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისსა და ფოთში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც, რომლებზეც ჩატარდა შენობების ისტორიული კვლევა, ფერთა კვლევა, დამუშავდა ზედაპირები, გასუფთავდა არქიტექტურული დეტალები და მოხდა პირვანდელი სახისა და მდგომარეობის აღდგენა. განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. მიმდინარეობს განახლებული რეგიონების მეორე ეტაპიც და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ტენდერში 2020 წელს გაიმარჯვეთ, რა ეტაპზეა სამუშაოები?
ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისი პირველი პროექტია, რომლის დიზაინიც ღია და გამჭვირვალე სახალხო კონკურსის გზით აირჩა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო დიდია. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტების დროს არ არსებობს ერთი დამკვეთი, რადგანაც ყველა ობიექტი საზოგადოებრივი და სახელმწიფო გამოყენებისაა და ბევრი მათგანი ისტორიას რჩება. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის შემთხვევაში ინტერესი და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაზრდილია. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად, უკვე დაწყებულია მოპირკეთების სამუშაოები.
ქვეყანა განსაკუთრებით ემზადება 2023 წლის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის. როგორია კომპანიის მუშაობა ამ მიმართულებით?
„დაგი“ აქტიურადაა ჩართული უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის რეაბილიტაციას, რაც, სხვათა შორის, მოიცავს მოედნისა და ტრიბუნების საფარის სრულად შეცვლას, საინჟინრო ქსელების დემონტაჟსა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელის მონტაჟს.
პროექტი ასევე მოიცავს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციას ქუთაისში. განხორციელდა ხანდაზმული და ამორტიზებული ადმინისტრაციული შენობის სრული დემონტაჟი და შენდება ახალი; იცვლება სტადიონზე არსებული საინჟინრო ქსელები და ტრიბუნები. სამუშაოები ორივე შემთხვევაში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონები.
ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია თუ მშენებლობა გაბარიათ. რა არის ის სამშენებლო ტექნიკა, მიდგომები და სტანდარტები, რასაც კომპანია იყენებს?
ჩვენი არსებობის მანძილზე ტექნოლოგიების უდიდესი განვითარებისა და სტანდარტების დახვეწის მომსწრენი გავხდით. „დაგის“ დაარსებისას არ იყო დიდი არჩევანი სამშენებლო მასალების წარმოებასა და გაყიდვაში, მათ უმრავლესობას ელიავას ბაზრობაზე ვყიდულობდით. ახლა, ფაქტობრივად, ტექნოლოგიურ ერაში ვართ შესული და არც სამშენებლო სექტორია გამონაკლისი. დღეს საქართველოში უკვე იწარმოება მასალების უმრავლესობა, თუმცა არც იმპორტი წარმოადგენს პრობლემას. კონკურენციის პირობებში კი იხვეწება ტექნიკაც, მიდგომებიც და სტანდარტებიც. ამასთან, მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ სიახლეების ეპიცენტრში და ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა გამოფენასა თუ კონფერენციაზე, რათა შემდგომ საქართველოშიც წარმატებით დაინერგოს სხვა ქვეყნების დადებითი გამოცდილება.
როცა მშენებლობაზე და მით უფრო მაღალხარისხიან მშენებლობაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, კადრებია, რომლებიც ბაზარზე ზოგადად დეფიციტურია და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, როცა საქმე კვალიფიციურ კადრს ეხება. „დაგის“ თანამშრომელთა განვითარებას ვინ უზრუნველყოფს და რა გზებით?
„დაგის“ წარმატების მთავარი ფორმულაა ერთი მიზნით გაერთიანებული კვალიფიციური გუნდი. გვყავს არაერთი კადრი, რომელიც „დაგის“ დაარსების დღიდან ჩვენთანაა და მუდმივად განვითარების პროცესშია. ამასთან, მუდმივად ვართ ახალი, კვალიფიციური კადრების ძიების პროცესში, რომელთაც ჩვენთან ვასაქმებთ ან ვატარებინებთ ტრენინგებს ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მაგალითად, წელს მოწვეული გვყავდა სელფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა ჩვენს ტექნიკურ პერსონალს. მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე წარმატებული ინჟინრის გადამზადებისთვის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სელფორდის უნივერსიტეტში გაგზავნას. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიასთან, რომლის პრაქტიკოსი ინჟინრებიც ონლაინპლატფორმების გამოყენებით გაგვიზიარებენ გამოცდილებას.
წელი სრულდება და მინდა, 2022 წლის შეჯამებაც გთხოვოთ. რომელი პროექტები დაიწყო ან დასრულდა წელს და როგორია 2023-ის გეგმები?
წლის ბოლომდე დასრულებული იქნება განახლებული რეგიონების პროექტის პირველი ეტაპი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია. უკვე დასრულდა ხაშურის პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოები, ასევე – წყალტუბოს პროფესიული სასწავლებელი.
წელს დაიწყო ქ. გურჯაანში კულინარიის კოლეჯისა და კამპუსის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, ასევე, კოლეჯი „ბლექსის“ სამშენებლო სამუშაოები ბათუმში, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. წელს დასრულდა საპროექტო სამუშაოები ცხვარიჭამიაში, თეზამსა და კევლიანში და მომავალ წელს სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაიწყება. აქტიურ რეჟიმშია მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა და მომავალი წლის მარტში შემოგვიერთდებიან „დოპელმაიერის“ ჯგუფის სპეციალისტები, რომლებიც ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟს განახორციელებენ. რაც შეეხება მომავალ წელს, 2023 გამოწვევებითა და საინტერესო პროექტებით სავსე იქნება.
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა / Forbes Georgia
Comments are closed.