მონაკოში ქართული ღვინის გაცნობის ღონისძიება გაიმართა. კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ ქვევრის ღვინოები მონაკოს სამთავროს პრინც ალბერტ II-ს და ევროპის გავლენიან მეღვინეებს გააცნო. პრეზენტაცია-დეგუსტაცია მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში გაიმართა და მის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
პრეზენტაციაზე 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ღონისძიებაზე „ასკანელის“ გარდა, მეღვინეობის სექტორში დომინანტ საფრანგეთსა და მონაკოში ცნობილ მეღვინეებს და არამხოლოდ მეღვინეებს, გააცნეს ჯაყელების, „ჭოტიაშვილის მარნის“, „ვაზისუბნის მამულის“ ღვინო და სხვა. როგორც “ასკანელის” დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, წარდგენილი ღვინოები “ბრმა დეგუსტაციის” მეთოდით შეირჩა.
„დეგუსტაციაზე შეკრებილმა ღვინის ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტებმა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ავტორიტეტულმა მეღვინეებმა ქართული ქვევრის ღვინოები დააგემოვნეს და მაღალი შეფასება მისცეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ღვინის პერსპექტივას და ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ ტრადიციულ მეთოდებს”, – განაცხადა ჩხაიძემ.
ღვინის წარდგენას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლაც ესწრებოდა, რომელმაც „Forbes-კვირაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა განაცხადია, რომ ქართველებს კარგი ღვინის კეთება შეუძლიათ.
„ამ ხალხთან და სპეციალისტებთან ქართული ღვინის და გამორჩეული მარნების წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ისინი მასობრივი ბაზრის აზრს არ აყალიბებენ, მაგრამ მიულერის და ლუიკ პასკეს სიტყვა ღვინის სპეციალისტისთვის და ღვინის მოყვარულისთვის ყველაზე ავტორიტეტულია“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ამგვარად, პრეზენტაცია-დეგუსტაციას ესწრებოდნენ ისეთი გავლენიანი მეღვინეები ევროპიდან, როგორებიც არიან ეგონ მიულერი, ალექსანდრე შარტონი, ლუიკ პასკე და სხვა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაკოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მიზნით ორგანიზებული პრეზენტაცია-დეგუსტაცია ანსამბლ “რუსთავის” მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით მიმდინარეობდა.
დატოვე კომენტარი