რა აფერხებს საქართველოში თიზების განვითარებას?

რა აფერხებს საქართველოში თიზების განვითარებას?

საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შექმნა წინა ხელისუფლების იდეა იყო. მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ თიზები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა და ერთგვარი „ეკონომიკური სასწაული“ იქნებოდა. 2009 წელს ქუთაისის თიზი და ფოთის თიზი შეიქმნა. 2011-2012 წლებში კი მთავრობის წევრები ღიად აცხადებდნენ, რომ თიზები წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. ნეგატიური გამოცდილების მიუხედავად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე დიდ იმედებს ამყარებს მოქმედი ხელისუფლებაც.

ეკონომიკაზე თიზების გავლენასთან დაკავშირებით ხელისუფლების (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლების) წარმომადგენლებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ. თიზი ქვეყნის ტერიტორიისა და ეკონომიკის ნაწილია, ეკონომიკის პროპორციულად ვითარდება. ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო სისტემა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური გარემო. ამასთან, მსოფლიოში ათასობით წარმატებული თიზი ფუნქციონირებს, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში და, შესაბამისად, კონკურენციის გაწევაც რთულია.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი) თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. თიზის ტერიტორიაზე მოქმედებს საგადასახადო და სხვა დამატებითი შეღავათები, სწორედ ამაშია მისი მომხიბვლელობაც. თიზის შექმნის მიზანი ინვესტორებისა და კაპიტალის მოზიდვაა. როგორც წესი, სპეციალური ეკონომიკური ზონები ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს აჩქარებენ. თუმცა თიზმა რომ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა იქონიოს, ჯერ მისი განვითარებაა საჭირო. თიზები წარმატებულია განვითარებულ (დიდი ეკონომიკის მქონე) ქვეყნებში. სპეციალური ეკონომიკური ზონები განსაკუთრებით წარმატებულია ჩინეთში (ჰონკონგი, შანხაი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი). თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. თავისუფალი ეკონომიკური ზონები წარმატებით ფუნქციონირებს ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. თიზის წარუმატებლობის მაგალითებიც ბევრი მოიძებნება, განსაკუთრებით – განვითარებად ქვეყნებში.

საქართველომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ კანონი 2007 წელს მიიღო. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიებისა), რომლის ფართობიც მინიმუმ 10 ჰა უნდა იყოს. თიზი შეიძლება შეიქმნას მთავრობის ინიციატივით ან ორგანიზატორის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) მოთხოვნით, თუმცა თიზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია:

  • მოგების გადასახადისგან;
  • ქონების გადასახადისგან;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადისგან;
  • უცხოური ან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის იმპორტის გადასახადისგან.

თუმცა თიზში წარმოებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გატანის შემთხვევაში იმპორტის 4%-იანი გადასახადია დაწესებული. კანონმდებლობით, თიზის ტერიტორიაზე ინვესტორი იჯარით იღებს ობიექტს. რადგან ინვესტორს არა აქვს უფლება საკუთრებაში (იმ ვადით, რა ვადითაც თიზი შექმნილია) მიიღოს ობიექტი, ეს მის ინტერესს ამცირებს.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ არ არის საქართველოში თიზები იმ დონეზე წარმატებული, რა მოლოდინიც ხელისუფლებებს ჰქონდათ. პირველი, საქართველოში საგადასახადო სისტემა ისედაც ლიბერალურია, ასევე მარტივად გაიცემა სამეწარმეო ლიცენზიები და ნებართვები, შესაბამისად, თიზი განსაკუთრებულად მიმზიდველი ვერ იქნება. ამასთან უკვე არსებობს წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჩვენს რეგიონში, მათ შორის ზემოთ ნახსენებ ჩვენს მეზობელ თურქეთში, რომელთანაც კონკურენციის გაწევა რთულია. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი თიზების ამოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდს დაემთხვა, რაც თიზების განვითარების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ თიზების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საფინანსო სამსახურები პრაქტიკულად არ გასცემენ, ჩვენი ინფორმაციის წყარო თიზების ადმინისტრაციებია.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ფოთის თიზი 2009 წელს, ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა. თიზის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო.

2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები სახელდებოდა. „რაკიამ“ ვერ შეასრულა თიზის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზის საკონტროლო პაკეტის 85% სახელმწიფოს გადასცა.

2017 წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კომპანია China Energy Company Limited-ს (CFFC) გადაეცა. CFFC ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კონგლომერატია, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, სავაჭრო სფეროში საქმიანობს. კომპანიამ ფოთის თიზში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

თიზის 10%-იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ქუთაისის თიზი 2009 წელს 99 წლის ვადით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე განთავსდა. მისი ფართობი 27 ჰექტარია. თიზის ადმინისტრატორი „ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგია“.

თიზის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ტერიტორიის თითქმის მესამედია ათვისებული.

თიზის ტერიტორიაზე 37 საწარმო ფუნქციონირებს. ძირითადი (შედარებით მსხვილი) კომპანიებია: Fresh Georgia, რომელიც არის ეგვიპტური კომპანიის შვილობილი. ის აწარმოებს საოჯახო ტექნიკას (გაზქურები,წყლის ელექტროგამაცხელებლები, სარეცხი მანქანები). და Atlantic Georgia, რომელიც დენის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებელ ავზებს აწარმოებს.

Fresh Georgia-მ, Atlantic Georgia-მ და თიზის ადმინისტრაციამ ერთობლივად დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

ქუთაისის ჰუალინგის თიზი

ქუთაისის ჰუალინგის თიზს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტატუსი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წელს, 30 წლის ვადით მიენიჭა. ის განლაგებულია ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე და 36 ჰას მოიცავს. თიზის ორგანიზატორი არის „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“.

ქუთაისის ჰუალინგის თიზი 25%-იანი დატვირთვით მუშაობს. თიზში ამ ეტაპზე, 70-მდე სამრეწველო/სავაჭრო/სერვისული კომპანიაა რეგისტრირებული. თიზის ტერიტორიაზე შემდეგი ტიპის საწარმოები ოპერირებენ: ხის გადამმუშავებელი, სამშენებლო ქვის დამმუშავებელი, ავეჯის, მატრასების, ლითონკონსტრუქციების, მანქანა-დანადგარების ფილტრების მწარმოებელი ქარხანა, სილიციუმის მწარმოებელი ქარხანა, სპირტის მწარმოებელი ქარხანა და სხვა. იგეგმება მზის პანელების საწარმოს გახსნაც.

თიზში ძირითადად უცხოური კომპანიები ოპერირებენ (ჩინური, ეგვიპტური, აზერბაიჯანული, ესპანური და სხვა).

ქუთაისის ჰუალინგის თიზის დირექტორი სოსო ნიბლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე ქუთაისის ჰუალინგის თიზში დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული“.

სოსო ნიბლაძე აღნიშნავს, რომ თიზებს აქვთ გარკვეული გავლენა ინვესტიციებზე, ექსპორტზე. თუმცა ეკონომიკაზე ბუმის ეფექტი ვერ ექნებათ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება თიზებიც. პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო, რაც ქვეყანაშია, პირდაპირ აისახება თიზების განვითარებაზე.

ქუთაისის ჰუალინგის თიზის დირექტორის შეფასებით, მომხიბვლელი პირობების მიუხედავად, „თიზი არ არის ინვესტორისთვის ლიბერალური სამოთხე, რადგან საქართველოში საგადასახადო სისტემა ისედაც ლიბერალურია“.

გარდა იმისა, რომ საქართველოს თიზებს კონკურენციის გაწევა უწევთ რეგიონში არსებულ სხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან. ამის პარალელურად, „საქართველოში ხშირად სახელმწიფო პროგრამები უწევენ თიზებს კონკურენციას, რომლებიც კომპანიებს სხვადასხვა შეღავათს სთავაზობენ“, – ამბობს სოსო ნიბლაძე.

ქუთაისის ჰუალინგის თიზის დირექტორი მიიჩნევს, რომ შემაფერხებელი ფაქტორები კანონმდებლობაშია. მაგალითად, თიზში წარმოებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას 4%-იანი დაბეგვრა მოქმედებს.

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზი

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის ოქტომბერში, 49 წლის ვადით შეიქმნა, ის განლაგებულია თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. თბილისის თიზის ადმინისტრატორი შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკია“, რომელიც BitFury-ის შვილობილი, მსოფლიო კრიპტოვალუტის, ბიტკოინის (ბლოკჩეინის) ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა.

ტერიტორია, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განლაგებული, თიზის სტატუსის მინიჭებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის მაისში „ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკმა“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეიძინა. მიწის გადაცემის საინვესტიციო ვალდებულებად კი მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნა განისაზღვრა, რაშიც მინიმუმ 11 110 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

2015 წლის ბოლოს BitFury-მ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე 40 მგვტ სიმძლავრის „დატა ცენტრი“ გახსნა.

რადგან „დატა ცენტრი“ თიზის ტერიტორიაზეა განთავსებული, ის გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისგან. შესაბამისად, ის ელექტროენერგიის საფასურს დღგ-ის გარეშე იხდის, რაც კომპანიისთვის დიდი მოგებაა, რადგან დატა ცენტრების დანახარჯების 90%-ზე მეტი სწორედ ელექტროენერგიაზე მოდის.

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელზეც ინვესტორების (ინვესტიციების) მოზიდვის მხრივ დიდ იმედებს ამყარებდა თიზის ადმინისტრაციაც და ხელისუფლებაც, და რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევდნენ, უკვე 2 წელია არსებობს. თუმცა სხვა ინვესტორი თიზის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თიზის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ია ათვისებული. დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესებულია თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ყულევის თიზი

საქართველოს მთავრობამ 2012 წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. თიზის ორგანიზატორის უფლებამოსილება Socar Georgia Investments-ს მიენიჭა. თიზს ფუნქციონირება 2014 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო. თუმცა უკვე მოქმედმა ხელისუფლებამ ყულევის თიზის ამოქმედების ვადა ჯერ 2016 წლამდე, შემდგომ კი 2017 წლის სექტემბრამდე გადაავადა.

თიზის ტერიტორიაზე სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კომერციულ საიდუმლოებას მიეკუთვნება, შესაბამისად, ეროვნულ ეკონომიკაზე თიზის გავლენას ცალსახად ვერ შევაფასებთ. თუმცა საქართველოში თიზების განვითარება და წარმატება მათივე მოწოდებული ინფორმაციებიდან შეგვიძლია შევაფასოთ. საქართველოში მოქმედი თიზები დაახლოებით 20-25%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ფოთის თიზის შემთხვევაში ორგანიზატორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და თიზის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს დაუბრუნა. ქუთაისის თიზში, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, მხოლოდ 2 მსხვილი კომპანია ფუნქციონირებს. თბილისის თიზი უკვე 2 წელია, ფუნქციონირებს, თუმცა ზონაში BitFury-ის გარდა სხვა ინვესტორი არ გამოჩენილა. ყულევის თიზი თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა არათუ თიზის განვითარება, არამედ თიზის ამოქმედებაც კი. რაც შეეხება ქუთაისის ჰუალინგის თიზს, აღნიშნულმა თიზმა შედარებით მეტად შეძლო განვითარება, რაზეც თიზში ინვესტორების სიმრავლე მიუთითებს. თუმცა ყველაზე წარმატებული თიზის ხელმძღვანელობა ჩვენთან თიზის განვითარების დამაბრკოლებელ გარემოებებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ თიზები ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *