აკრედიტივი (ინგლისურად Letter of Credit) არის ფინანსური მომსახურების სახეობა, როდესაც საკრედიტო დაწესებულება კლიენტის მოთხოვნით, წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტის წარდგენის სანაცვლოდ მესამე პირს თანხას უხდის. აკრედიტივი ძირითადად საბანკო მომსახურების ნაწილია, რომელიც მყიდველსა და გამყიდველს შორის ანგარიშსწორების რისკის მინიმიზებას უზრუნველყოფს.
საბანკო აკრედიტივი გულისხმობს გამყიდველის წინაშე ბანკის ვალდებულებას, გადაიხადოს აკრედიტივით განსაზღვრული თანხა საქონლის გაგზავნის ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისას. აკრედიტივის უპირატესობებია: საქონლისა და მომსახურების მოწოდების ვადების კონტროლი, გადახდის გადავადების შესაძლებლობა ხელსაყრელი პირობებით და გარანტირებული გადახდა საქონლის გაგზავნის შემდეგ.