ანაბარი (ინგლისურად Deposit), იგივე დეპოზიტი არის ფულადი თანხა, ფასიანი ქაღალდები ან სხვა ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც მისი მესაკუთრე დროებით ინახავს საკრედიტო დაწესებულებაში. ანაბარი არის ის ფინანსური რესურსი, რაც საკრედიტო დაწესებულებებს სესხის გაცემის საშუალებას აძლევს. ანაბრის მფლობელი, ანუ მეანაბრე, განთავსებული ანაბრიდან შემოსავალს იღებს მასზე დარიცხული პროცენტის სახით.
არსებობს ვადიანი და უვადო ანაბარი. ვადიანი ანაბარი არის მეანაბრის მიერ ბანკში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა. უვადო ანაბრის დროს მისი ვადა არ არის განსაზღვრული და მეანაბრეს თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს შეუძლია.