რა არის არაფინანსური აქტივები?

რა არის არაფინანსური აქტივები?

არაფინანსური აქტივები (ინგლისურად Nonfinancial Assets) არის ადამიანის, კომპანიის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები, რომლებსაც შემოსავლის მოტანა შეუძლიათ და არ მიეკუთვნებიან ფინანსურ აქტივებს (ნაღდ ფულს, აქციებს, ობლიგაციებს, დეპოზიტებს, გაცემულ სესხებს და ა.შ). აქტივები, ქონებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმ ფასეულობებს მოიცავს, რომელთაც შემოსავლის მიღების მიზნით ვფლობთ. არაფინანსური აქტივები დაბალი ლიკვიდობით გამოირჩევა, ისინი მოიცავს: უძრავ ქონებას, მანქანა-დანადგარებს, ინტელექტუალურ საკუთრებას და ა.შ.

ბიზნესში სიტყვა „აქტივები“ ძირითადად ბუღალტრული დანიშნულებით გამოიყენება და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გამოხატავს. რაც მეტია კომპანიის არაფინანსური აქტივები, მით მეტია შემოსავლის მიღების პოტენციალი. აქტივები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშში (ბალანსში) არის მოცემული.

არაფინანსური აქტივები იყოფა მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებად. გრძელვადიანს მიაკუთვნებენ ისეთ არაფინანსურ აქტივებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება, ხოლო მიმდინარე არაფინანსური აქტივები არის ის აქტივები, რომლებიც მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა იქნას გამოყენებული შემოსავლის მიღების მიზნით.