ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. ბიტკოინის შეძენა შეიძლება ელექტრონულად სხვა ვალუტების (ევროს, დოლარის, იენის და ა.შ.) სანაცვლოდ. ამისთვის საჭიროა არაერთი არსებული პლატფორმიდან რომელიმეზე, მაგალითად, Coinbase-ზე ბიტკოინის საფულის გახსნა, რომლის მართვა შესაძლებელია სმარტფონით, პერსონალური კომპიუტერით, პლანშეტით და ა.შ. თუკი, მაგალითად, ბანკის ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კონკრეტული თანხის გადარიცხვა გულისხმობს არცთუ უმნიშვნელო საკომისიოს გადახდას, იმავე თანხის ბიტკოინით გადარიცხვის შემთხვევაში, საკომისიო ბევრად დაბალია და ამის გაკეთება შეიძლება სახლიდან გაუსვლელად, ყველანაირი შუამავლის გარეშე, ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან სწრაფად და დაცულად. ტრანზაქციის დადასტურებას მინიმუმ რამდენიმე წამი და მაქსიმუმ 90 წუთი შეიძლება დასჭირდეს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი 10 წუთია.
იმის გამო, რომ ბიტკოინი დეცენტრალიზებული ვალუტაა, არავის შეუძლია ბიტკოინის ანგარიშის გაყინვა. ბიტკოინით ანგარიშსწორება უკვე დაშვებულია ისეთ ონლაინ-მაღაზიებში, როგორიცაა Amazon-ი, eBay, Zappos-ი და ეს პროცესი დაცულია, რადგან კრიპტოვალუტის ქსელს იცავენ „მაინერები“ – ის ადამიანები, რომლებიც სისტემაში ჩართული მრავალი კომპიუტერის მეშვეობით ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციების ვალიდურობას ამოწმებენ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით და ამ გზით გამოიმუშავებენ ახალ ბიტკოინებს. თუმცა, განსხვავებით, მაგალითად, ბანკის მიერ შემოწმებული ტრანზაქციებისა, ეს სრულად ავტომატიზებული პროცესია და ბიტკოინით განხორციელებული თითოეული დადასტურებული ტრანზაქციის მონაცემი ინახება უზარმაზარ ელექტრონულ საჯარო მონაცემთა ბაზაში (ბლოკჩეინში) ისე, რომ მისამართის მფლობელის ვინაობა უცნობი რჩება, რადგან მომხმარებელი არაა დაკავშირებული ვინაობის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან. ამასთან, გამორიცხულია ტრანზაქციის გაყალბება, რადგან ის ერთდროულად უამრავ კომპიუტერზეა დამახსოვრებული. სწორედ ამიტომ შეუძლებელია, ბიტკოინს ერთი ადამიანი აკონტროლებდეს, ხოლო ბლოკჩეინის შექმნიდან დღემდე ამ მძლავრი სისტემის გატეხა ვერც ერთმა ჰაკერმა ვერ შეძლო.
Blockchain. info-ზე რეალურ დროში შეიძლება დაკვირვება, თუ როგორ ემატება ყოველ წამში ერთხელ ახალი ჩანაწერი ბიტკოინის საჯარო რეესტრს, როცა ქსელში ჩართული მაინერები ტრანზაქციას ადასტურებენ. იქ კრიპტოვალუტის, ანუ მომავლის ფულის პულსი იგრძნობა.
BITFURY-ს შესახებ
Bitfury-მა საქმიანობა 2011 წელს დაიწყო როგორც „მაინერმა“ ფირმამ, თუმცა თანდათან სრულად ინტეგრირებულ ბლოკჩეინ–ტექნოლოგიის კომპანიად გარდაიქმნა. დროთა განმავლობაში მან უზრუნველყო ისეთი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა, რომლებმაც განავითარეს ბლოკჩეინი სისწრაფისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამჟამად კომპანიის საქმიანობა მოიცავს ბიტკოინ– ტრანზაქციების პროცესინგს, ბლოკჩეინის ანალიტიკას, უახლესი თაობის 16-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას ბლოკჩეინის გამოყენებით, რაშიც კომპანიას ერთ–ერთმა პირველმა მხარი საქართველომ აუბა. BitFury-ს ოფისები აქვს სან–ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონკონგში, ლონდონსა და ამსტერდამში, თუმცა მისი დატანცენტრები საქართველოს გარდა მხოლოდ ისლანდიაშია განთავსებული. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან ლატვიელი ანტრეპრენიორი ვალერი ვავილოვია. კომპანიის დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით შედის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა კომიტეტის წევრი, გიორგი კიკვაძე, ხოლო თავად BitFury-ს მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომელთა შორისაა პერუელი ეკონომისტი ერნანდო დე სოტო.
ვინ არის სატოში ნაკამოტო?
ამ კითხვაზე პასუხს ბიტკოინის შექმნის დღიდან ეძებს მსოფლიო. ანონიმმა პროგრამისტმა სწორედ ამ სახელით შექმნა და ქსელში გაუშვა ბიტკოინის პროტოკოლი 2008 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე არავინ იცის, როგორ გამოიყურება ის. ორი წლის განმავლობაში ნაკამოტო პერიოდულად უზიარებდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ბიტკოინ–საზოგადოებას სპეციალური მეილ–ლისტის მეშვეობით, თუმცა 2010 წლიდან მისი კვალი საერთოდ გაქრა. ამის შემდეგ „ნაკამოტოობაში“ რამდენიმე პირი იყო ეჭვმიტანილი. მათგან ყველაზე ცინცხალი ავსტრალიელი ანტრეპრენიორი კრეიგ რაიტია. მან მაისის დასაწყისში საკუთარი ინიციატივით განაცხადა, რომ სწორედ ის იყო ბიტკოინის შემქმნელი და პირობაც დადო, რომ მტკიცებულების სახით წარადგენდა ვირტუალურ ვალუტას ერთ–ერთი ადრეული ბლოკიდან, რომელზეც პერსონალური წვდომაა საჭირო და რაც მხოლოდ ნამდვილ ნაკამოტოს შეიძლებოდა ჰქონოდა. თუმცა, ახალმა ნაკამოტომ რამდენიმე დღეში გადაიფიქრა. ეგონა, შეძლებდა უარი ეთქვა წლების განმავლობაში ნაგროვებ ანონიმურობაზე, მაგრამ როცა საქმე მტკიცებულების წარდგენაზე მიდგა, „ვეღარ შეძლო“. „ამის ხალისი არ მაქვს, არ შემიძლია, ახლა უკვე ვიცი, რომ საკმარისად ძლიერი არ ვარ ამისთვის”, – დაწერა თავის ბლოგში რაიტმა და რამდენიმედღიანი ხმაურიც მსოფლიო პრესაში ამით ჩაწყნარდა.
კრეიგ რაიტამდე კი ნაკამოტოები პერიოდულად იცვლებოდნენ. ბიტკოინის შექმნაში დაახლოებით ათამდე ადამიანი იყო ეჭვმიტანილი. მათ შორის კალიფორნიაში მცხოვრები დორიან ნაკამოტო, რომელიც 2014 წელს Newsweek-მა სატოში ნაკამოტოდ შერაცხა მისი ონლაინ–სკრიპტის ჭეშმარიტ ნაკამოტოსეულთან მსგავსებისა და, რა თქმა უნდა, გვარის გამო. შემდეგი იყო ნიკ საბო; მის შემდეგ კიდევ ფინელი მარტიი მალმი; შემდეგ ჯერი იაპონიაში მცხოვრებ ჯედ მაქკალებზე მიდგა და მათ მოჰყვა სხვა არაერთი, თუმცა ბოლოს ყველა ასეთი ვერსია ბათილდებოდა. როგორც ჩანს, წინ კიდევ არაერთი ვერსია გველის და შესაძლოა, არც არასოდეს გახდეს ცნობილი, თუ ვინ იყო ნამდვილი სატოში ნაკამოტო, თუმცა ფაქტია, მისი ქმნილება სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდან.
წაიკითხეთ ასევე სტატია BitFury-ს წარმომადგენელზე საქართველოში, ეფრემ ურუმაშვილზე.
დატოვე კომენტარი