ბრენდინგი (ინგლისურად Branding) არის კომპანიის მიერ საკუთარი სავაჭრო ნიშნის შექმნა. სავაჭრო ნიშანი არის სიმბოლოები, რომლებიც წარმოებული საქონლის ან მომსახურების საიდენტიფიკაციოდ გამოიყენება და მას კონკურენტი კომპანიის პროდუქციისგან განასხვავებს. ბრენდინგის პროცესში იქმნება კომპანიის სახელი, ლოგო, სლოგანი, ფერები, დიზაინი, ფონტი, ხმა და ა.შ.
თანამედროვე ბიზნესში ბრენდინგი მარკეტინგის განუყოფელი ნაწილი გახდა და პატარა კომპანიებიც კი ცდილობენ თავიანთი ბრენდის შექმნას. ბრენდინგის მთავარი მიზანი კომპანიის იდენტობის შექმნაა, რაც მომხმარებელს ეხმარება, მარტივად გაარჩიოს აღნიშნული კომპანიის პროდუქცია სხვა კომპანიის პროდუქციისგან და ასევე იცოდეს, რას უნდა მოელოდეს აღნიშნული კომპანიისგან. ბრენდინგი ასევე კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს ეხმარება კომპანიის კორპორაციული კულტურის გაგებასა და დაცვაში.