დამატებული ღირებულება (ინგლისურად added value) არის საქონლის ან მომსახურების ღირებულების ზრდა, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობით. მაგალითად, ფერმერმა წისქვილს მიჰყიდა 1000 ლარის ხორბალი. წისქვილმა დაფქვა ეს ხორბალი და მისი ღირებულება გაზარდა 1,500 ლარამდე. სწორედ, დაფქვის შედეგად შექმნილი მომატებული 500 ლარი არის დამატებული ღირებულება. დავუშვათ, ეს ფქვილი იყიდა პურის საცხობმა და დაამზადა 2000 ლარის პური. საცხობმაც შექმნა 500 ლარის დამატებული ღირებულება და ა.შ. წარმოების ყველა ეტაპზე იქმნება დამატებული ღირებულება, სანამ საქონელი ან მომსახურება საბოლოო მომხმარებლამდე არ მივა.
ეკონომიკაში დამატებული ღირებულების დათვლას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: 1. სწორედ დამატებული ღირებულების შეჯამებით ითვლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და 2. გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბეგვრის ბაზად.
დატოვე კომენტარი