დევალვაცია (ინგლისურად Devaluation) არის ეროვნული ვალუტის ღირებულების შემცირება სხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ, როდესაც ეს სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევით ხდება. როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა ოქროს რაოდენობასთან იყო მიბმული, დევალვაცია ნიშნავდა ოქროს მიმართ ფულის გაუფასურებას (მეტი ფული გჭირდებოდა 1 გრამი ოქროს საყიდლად). დღეს კი დევალვაცია რომელიმე საერთაშორისო ვალუტის მიმართ გაცვლითი კურსის ზრდაა, რასაც ძირითადად ცენტრალური ან ეროვნული ბანკები ახორციელებენ. მაგალითად, თუ 1 დოლარი ღირდა 2.6 ლარი და მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევით გახდა 2.8, ეს არის ვალუტის დევალვაცია.
ოფიციალურად, დევალვაციას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც ქვეყანას ფიქსირებული გაცვლითი კურსი აქვს ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებული პოლიტიკაა, რომ ვალუტის კურსი არ შეიცვლება. თუ ასეთ პირობებში ცენტრალური ბანკი ახალ ფიქსირებულ კურსზე გადავა, რომელიც აქამდე არსებულზე მაღალი იქნება, ადგილი აქვს ვალუტის დევალვაციას. თუმცა დღეს ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ოფიციალურად თავისუფალი მცურავი კურსი აქვს, ანუ სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს ვალუტის კურსს, ზოგჯერ მაინც მიმართავს ხელოვნურ ჩარევას კურსის ზრდის ან შემცირების მიზნით.