ინფლაციის ტარგეტირება (ინგლისურად Inflation targeting) ნიშნავს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ისე წარმართვას, რომ ქვეყანაში ფასების დონე წინასწარ დასახული მაჩვენებლის დონეზე გაიზარდოს. ინფლაციის ტარგეტირებას ცენტრალური ბანკები ახორციელებენ. საქართველოში ინფლაციის კონტროლზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.
ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმის დროს ეროვნული ბანკი წინასწარ საზღვრავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და თავის საქმიანობას (მონეტარულ პოლიტიკას) ისე წარმართავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისაგან განსხვავდებოდეს.
როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლაა, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს (ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი მცირდება) და პირიქით, როდესაც ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთაა, მონეტარულ პოლიტიკას არბილებს (ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი მაღლდება). ინფლაციის ტარგეტირების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისთვის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მაღალი გამჭვირვალობაა აუცილებელი.