ინტელექტუალური საკუთრება (ინგლისურად Intellectual Property) არის საკუთრების უფლება, რომელიც ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, რადიო- და ტელეგადაცემა, მეცნიერული ნაშრომი, გამოგონება, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი, საფირმო დასახელება, პატენტი და ა. შ. ინტელექტუალურ საკუთრებას არ მიეკუთვნება მეცნიერული აღმოჩენები, რადგან ეს ბუნების მოვლენების, თვისებების ან კანონების შეცნობაა და არა შექმნა.
ინტელექტუალური საკუთრება მის მფლობელს საშუალებას აძლევს, მიიღოს სარგებელი, როდესაც მის საქმიანობის შედეგს სხვა გამოიყენებს. მაგალითად, პატენტის მფლობელს შეუძლია, ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონების გამოყენება, ან გამოყენების ნება დართოს გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში.