კარტელი (ინგლისურად Cartel) არის პროდუქციის მიმწოდებლების გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მიზნით. კარტელი შეიძლება იყოს ფარული, რაც ძირითადად არალეგალურად ხდება და ასევე შეიძლება იყოს ღია, ლეგალური. კარტელის შექმნის საფუძველი მატერიალური ინტერესია. მასში მონაწილეები ერთმანეთს უთანხმებენ ფასებს, რეალიზაციის მეთოდებსა და არეალებს, საქონლის ხარისხს და ა.შ., რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი მოგება. ამასთან ერთად, კარტელში შემავალი პირები ფინანსურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, ერთ კომპანიად არ ერთიანდებიან. როგორც წესი, ქვეყნების კანონმდებლობა კარტელურ შეთანხმებებს არალეგალურად მიიჩნევს.
არსებობს ორი სახის კარტელი: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ჰორიზონტალურის დროს ერთი დარგის კომპანიები ერთიანდებიან კარტელში, ვერტიკალურის დროს კი სხვადასხვა დარგის კომპანიები ერთმანეთს უთანხმებენ საქონლის გაყიდვისა და წარმოების პროცესებს სხვადასხვა დონეზე.