„ხარის ბაზარი“ (ინგლისურად Bull Market) არის ისეთი მდგომარეობა ბაზარზე, როდესაც ფასები იზრდება ან მოსალოდნელია, რომ გაიზრდება. ტერმინს „ხარის ბაზარი“ ძირითადად საფონდო ბირჟაზე იყენებენ, თუმცა ისეთ შემთხვევებშიც გამოიყენება, როგორიცაა ვაჭრობა უძრავი ქონებით, ვალუტით და ა.შ. არ არსებობს ზუსტი განმარტება, რა მომენტიდან შეიძლება ეწოდოს ბაზარს „ხარის“, თუმცა ასე ძირითადად ფასების 20%-ით მატების ან 20%-ით მატების მოლოდინის არსებობის შემთხვევაში უწოდებენ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ფასების მატება მყისიერი და ხანმოკლე არ იყოს, პირიქით, ფასების ზრდის გამოკვეთილი ხანგრძლივი ტენდენცია უნდა შეიმჩნეოდეს.
„ხარის ბაზარი“ ტრადიციული ვაჭრობის მსგავსია: ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს, რადგან ფასების ზრდას ელოდებიან და გაძვირებულის გაყიდვით იგებენ ფულს. ასეთი მდგომარეობა ახასიათებს ეკონომიკის ბუმის პერიოდებს, თუმცა ბუმს შესაძლოა, სპეკულაციაც დაერთოს თან და ფასები ხელოვნურადაც გაიზარდოს. ასეთი ზრდის დროს ფინანსური ბუშტის შექმნის და მალე რეცესიაში გადასვლის რისკი დიდია.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაზარზე ფასების ზრდის მდგომარეობას „ხარის“ უწოდეს, რადგან ხარი ბრძოლის დროს რქებით აწვება და ზემოთ აგდებს მოწინააღმდეგეს. ამ შემთხვევაში, თითქოს ფასებს რქებით აწვება და ზემოთ სწევს.
დატოვე კომენტარი