კლეპტოკრატია (ინგლისურად Kleptocracy) არის ისეთი მმართველობის ფორმა, როდესაც მთავრობა კორუმპირებული პირებით არის დაკომპლექტებული და საკუთარ ძალაუფლებას ისინი ხალხის სიმდიდრის მისათვისებლად, პირადი კეთილდღეობისა და გამდიდრებისთვის იყენებენ. ძველ ბერძნულად „კლეპტეს“ მოპარვას, ქურდობას ნიშნავს, ხოლო „კრატია“ მმართველობას. შესაბამისად, კლეპტოკრატიას ქურდების მმართველობასაც უწოდებენ (Thievocracy). 21-ე საუკუნეში კლეპტოკრატიის ყველაზე აშკარა მაგალითად პუტინის რუსეთია მიჩნეული.
კლეპტოკრატიის დროს სამართლის უზენაესობა ქვეყნის მმართველებზე არ ვრცელდება, რაც მათ კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას აძლევთ. მაღალი თანამდებობის პირები თავად ფლობენ კომპანიებს, რომლებიც პრივილეგირებული არიან, ან ლობირებენ ბიზნესს და მართავენ საჯარო ფონდებს. კლეპტოკრატიული მმართველობის ქვეყანა ძირითადად არადემოკრატიულია ან სუსტ დემოკრატიას ინარჩუნებს.