კოოპერატივი (ინგლისურად Cooperative) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც ეფუძნება წევრთა შრომით საქმიანობას ან შემოსავლის გაზრდის მიზნით შექმნილ საზოგადოებას. კოოპერატივის მთავარი ამოცანა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილებაა, მოგების მიღებას კი უპირატესობა არ ენიჭება. კოოპერატივები ძირითადად იქმნება ნედლეულის მოპოვებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთობლივად წარმოებისა და გასაღებისთვის, მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შეძენისთვის და საცალო ვაჭრობით მათი რეალიზაციისთვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შექმნისთვის.
კოოპერატივის წევრს მინიმალური შენატანი შეაქვს კოოპერატივში, რომელსაც პაი ეწოდება. კოოპერატივის ერთ წევრს რამდენიმე პაი შეიძლება ჰქონდეს. კოოპერატივი იმართება საერთო კრებით. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. კოოპერატივის წევრებისათვის გათვალისწინებული სამეურნეო წლის მოგება უნაწილდებათ კოოპერატივის წევრებს მათი შენატანების პროპორციულად.
კოოპერატივის უპირატესობა მცირე სამეწარმეო რესურსების შედარებით მარტივი გაერთიანებაა.
დატოვე კომენტარი