რა არის ლიკვიდობა?

რა არის ლიკვიდობა?

ლიკვიდობა (ინგლისურად liquidity) არის აქტივების ნაღდ ფულად ქცევის შესაძლებლობა აღნიშნული აქტივების გაიაფების ანუ ფასის კლების გარეშე. რაც მეტად სწრაფად და იოლად შეგვიძლია გარკვეული აქტივის ნაღდ ფულზე გაყიდვა, მით მეტია ამ აქტივის ლიკვიდურობა. აქედან გამომდინარეობს ტერმინები მაღალლიკვიდური და დაბალლიკვიდური აქტივები.

ყველაზე მაღალლიკვიდურ აქტივად თავად ნაღდი ფული ითვლება. შემდეგ მოდის აქციები, ობლიგაციები, სხვა დებიტორული დავალიანებები (მისაღები თანხები), საქონლის მარაგები, მანქანები და საწარმოო საშუალებები, შენობები და მიწა.

ბიზნესში ლიკვიდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანიას უნდა შეეძლოს, მიმდინარე ვალდებულებებს, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში დასაფარავ  ვალდებულებებს, მოემსახუროს. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს 1 მლნ ლარის ვალი დასაფარავი და ამ დროს საკმარისი ნაღდი ფული აქვს, ეს კომპანია მაღალლიკვიდურია, ხოლო, თუ ვალის დასაფარავად გარკვეული აქტივები უნდა დათმოს ანუ ფულად აქციოს, მაშინ მისი ლიკვიდურობა შედარებით დაბალია. კომპანიის ლიკვიდურობის დონეს ლიკვიდური აქტივების (ამ შემთხვევაში ასეთად მიჩნეულია აქტივები, რომლებიც მაქსიმუმ ერთ წელში შესაძლოა ნაღდ ფულად იქცეს) მიმდინარე ვალდებულებებთან (ერთი წლის განმავლობაში დასაფარავი ვალდებულებები) ფარდობით თვლიან. ამ ფარდობის კოეფიციენტი რაც მეტად მაღალია, კომპანიის ლიკვიდურობა მით მეტია.

ლიკვიდობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბანკო სექტორში, რადგან ბანკები ძირითადად მოზიდული ანაბრების გადასესხებით მუშაობენ. ბანკს სჭირდება მაღალი ლიკვიდობა ანუ ნაღდი ფულის საკმარისი მარაგი, რომ სურვილის შემთხვევაში მეანაბრეს მისი  ფული დაუბრუნოს. როდესაც ბანკს ლიკვიდობის მოკლევადიანი პრობლემა ექმნება, ამ დროს ფულს სხვა ბანკისგან ან  ქვეყნის ეროვნული (ცენტრალური) ბანკისგან სესხულობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *