მოკლე პოზიცია (ინგლისურად Short Position) არის ფასიანი ქაღალდებით ან სხვა აქტივებით ვაჭრობის სტრატეგია, როდესაც ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების მფლობელი ყიდის თავის აქტივებს იმ მოლოდინით, რომ მათი ფასი მომავალში შემცირდება. მაგალითად, თუ მოელით, რომ კონკრეტული კომპანიის აქციების ფასი დაეცემა, მაშინ ამ კომპანიის აქციები უნდა ისესხოთ ბროკერისგან და გაყიდოთ, სანამ გაიაფდება. შემდეგ ნაკლებ ფასად (როცა გაიაფდება) უნდა იყიდოთ იგივე აქციები და ბროკერს დაუბრუნოთ. შედეგად, გასაყიდ ფასებს შორის სხვაობის გამო მოგებას ნახავთ. ვაჭრობის ეს სტრატეგია არის მოკლე პოზიცია.
მოკლე პოზიციით ვაჭრობას ხშირად მიმართავენ ვალუტის კურსის დაცემისგან მოგების სანახავად. მაგალითად, ისესხეთ 2,500 ლარი, როცა 1 დოლარი ღირდა 2.5 ლარი და ამ 2,500 ლარით იყიდეთ 1,000 დოლარი. თუ ლარი გაუფასურდება, მაგალითად, 1 დოლარის გაცვლითი კურსი გახდება 3 ლარი, 1,000 დოლარად იყიდით 3,000 ლარს, 2,500 ლარს დაუბრუნებთ მას, ვისგანაც ისესხეთ და 500 ლარი მოგება დაგრჩებათ.