მცურავი გაცვლითი კურსი (ინგლისურად Floating Exchange Rate) არის ერთი ქვეყნის ვალუტის სხვა ქვეყნის ვალუტასთან კურსის დადგენის თავისუფალი რეჟიმი. ასეთ დროს, ვალუტის გაცვლითი კურსი სავალუტო ბაზარზე ვალუტების ყიდვა-გაყიდვით დგინდება. რადგან ვალუტის კურსი ცვალებადია და ფიქსირებული არ არის, ამიტომ უწოდებენ მას მცურავს.
მაგალითად, საქართველოში დღეს სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ლარის კურსი დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების მიმართ ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს და ეს ცვლილება ლარზე და უცხოურ ვალუტებზე მოთხოვნა-მიწოდებით არის განპირობებული. თუ უცხოური ვალუტით ლარის ყიდვის სურვილი (ანუ ლარზე მოთხოვნა) იზრდება, ამ დროს ლარის კურსი მცირდება, ანუ ლარი მყარდება და პირიქით, თუ ლარით უცხოური ვალუტის ყიდვის სურვილი იზრდება, ამ დროს ლარი უფასურდება. როგორი იქნება სავალუტო ბაზარზე ლარზე და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება, ამას კურსის ცვლილებისადმი მოსახლეობის მოლოდინი და ქვეყნის მაკროეკონომიკური ფაქტორები (მაგალითად, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები და ა.შ.) განსაზღვრავს.
დატოვე კომენტარი