ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი (NEER) არის კონკრეტული ვალუტის (მაგალითად, ლარის) საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი რამდენიმე ვალუტის მიმართ. ზოგადად, ვალუტის კურსში ძირითადად გულისხმობენ დოლარის მიმართ გაცვლით კურსს, თუმცა გაცვლითი კურსის ეკონომიკაზე გავლენის დასანახად არანაკლებ მნიშვნელოვანია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც აერთიანებს ეროვნული ვალუტის კურსს სხვადასხვა ვალუტის მიმართ.
NEER-ის განსაზღვრის დროს იღებენ ქვეყნის ძირითადი საგარეო პარტნიორების ვალუტებს და მათ მიმართ დგინდება საშუალო კურსი. რაც მეტი წილი უჭირავს ქვეყანას ვაჭრობაში, მით მეტია მისი ვალუტის მიმართ არსებული კურსის გავლენა ეფექტური გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, საქართველოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მოიცავს ლარის საშუალო კურსს შემდეგი ქვეყნების ვალუტების მიმართ: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი. მათ შორის, ევროზონის წონა 18.1%-ია, ხოლო პოლონეთის – 1.8%. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს NEER-ზე ევროს მიმართ ლარის კურსის ცვლილებას 10-ჯერ მეტი გავლენა აქვს, ვიდრე პოლონური ზლოტის მიმართ ცვლილებას.
ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ინდექსის სახით ქვეყნდება. ინდექსის ზრდა ნიშნავს ეროვნული ვალუტის გამყარებას, ხოლო შემცირება – გაუფასურებას.
დატოვე კომენტარი