ოფშორი (Offshore), რომელსაც ხშირად „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული, შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციისა და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. კომპანიის რეგისტრაციის სიმარტივეში ფულის წარმომავლობის ნაკლები კონტროლიც იგულისხმება.
ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი, ოფშორული ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნესწარმომადგენლობა) გქონდეს – ამის გარეშეც შეძლებ, ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო. ოფშორებში ძირითადად რეგისტრირდებიან კომპანიები, რომლებიც გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს გაურბიან. კომპანიები ოფშორში ძირითადად კორპორაციულ – მოგებაზე, დივიდენდსა და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებზე იღებენ შეღავათებს.
მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებიან, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.
დღეს ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი, მარშალის კუნძულები და მაკაო.
დატოვე კომენტარი