რთულია, ერთ სვეტში მოყვე საკმარისი ორგანიზაციაზე, რომელზეც ბოლო თვეში ხელისუფლების ყველა ლიდერმა ილაპარაკა:
- პრემიერ-მინისტრმა
- დედაქალაქის მერმა
- მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
- მისი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ
- კულტურის მინისტრმა…
არ გამიკვირდება, შემდეგ თუთიყუშებიან ვიდეოში, ბიძინა ივანიშვილის მხარზე მჯდომმა ყვითელმა ფრინველმაც ასწიოს ნისკარტი და იყვიროს:
– ფრანკლინის კლუბი ტერორისტული ორგანიზაციაა!
ხელისუფლების აბსურდული პროპაგანდის ყველა მიზეზს აქ ვერ განვიხილავ, მაგრამ გეტყვით, სინამდვილეში რისი შეეშინდათ ბიძინას კარზე.
ასევე მოგიყვებით ფრანკლინის კლუბის ფილოსოფიურ საყრდენზე – კლასიკურ ლიბერალიზმზე, – რომლის ერთ-ერთი მიზანიცაა, ხელისუფალთა წითელთვალება შიშები ვერ ყოფდნენ თავიანთ გრძელ ნისკარტებს მოქალაქეთა ცხოვრებაში.
და გაგიმხელთ, რისთვის შევქმენით ფრანკლინის კლუბი.
კლასიკური ლიბერალიზმი
334 წელი გავიდა, რაც ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ჯონ ლოკმა, ჩამოაყალიბა „ბუნების კანონი” პოლიტიკისთვის:
ძალადობისგან დაცულობა, თავისუფლება და საკუთრება თითოეული ჩვენგანის უფლებაა.
შესაბამისად, მოვალეობაა, არ შევეხოთ სხვისას.
ლოკის გენიალური ფორმულის დაბადებიდან დღემდე ვინ რას არ უწოდა „ლიბერალიზმი” – ამიტომ გვიწევს, წინ მივაბათ „კლასიკური”.
ეს არაა „ლიბერალიზმი”, რომელსაც საკუთარ ბრენდად იყენებენ მარქსისტული თეორიების მიმდევარი „პროგრესივები”, ან სალანძღავ სიტყვად – მათი ანტაგონისტი კონსერვატორები. ზაზა შათირიშვილი რას გულისხმობს ლიბერალიზმში, ვლადიმირ სოლოვიოვმა უწყის.
მათზე უკეთ კლასიკური ლიბერალიზმის სულისკვეთებას დათა თუთაშხიას ცნობილი ციტატა გადმოსცემს: „არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში“.
ერთი დათქმით: ადამიანის „ბუნებრივი” უფლებები უნდა იყოს დაცული – თუ ვინმე გართმევთ ქონებას, გიკრძალავთ აზრის გამოთქმას ან ფიზიკურად თავს გესხმით, ჩარევა დასაშვებიცაა და აუცილებელიც. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო.
მაგრამ თანამედროვე სახელმწიფოებში გაცილებით დიდია ზედმეტი ჩარევების სია: მაგალითად, ზედმეტია ბიუჯეტის ხარჯზე – ჩვენგან აკრეფილი გადასახადებით – ტოტო კუტუნიოს ან გელა გნოლიძის ბენდის კონცერტების მოწყობა.
შესაძლოა, ვგიჟდებოდე გელა გნოლიძის მუსიკალურობაზე, უსაშველოდ მიხაროდეს მისი ხილვა, ვთქვათ, საგარეჯოში: მაგრამ პრინციპულად არასწორია ამისთვის სხვისი ჯიბიდან ფული ამოვიღო.
ზედმეტია ჩარევა, რომელიც არ ემსახურება ადამიანთა ფიზიკურ, საკუთრების ან გამოხატვის უფლების დაცულობას.
კლასიკური ლიბერალიზმის გვერდით ხშირად ახსენებენ ლიბერტარიანიზმს.
ბევრ ლიბერტარიანელს აქვს უკომპრომისო მიდგომები და მარტივი, „მზა” პასუხები ნებისმიერ პოლიტიკურ დილემაზე, მაგრამ ასეთი მიდგომა კლასიკური ლიბერალური ფილოსოფიიდან არ გამომდინარეობს.
პოლიტიკური რეალობა ხშირად ითხოვს სხვადასხვა ჩარევის აწონ-დაწონას. მაგალითად, გადასახადების აკრეფა უდავოდ არის ჩარევა ადამიანის თავისუფლებაში.
მაგრამ თუ ასეთი ჩარევის გარეშე ვერ შევძლებთ დამპყრობლის მოგერიებას ან მოქალაქეთა ფიზიკური ძალადობისგან დაცვას, ზომიერი გადასახადების აკრეფა მისაღები კომპრომისია.
თუმცა კომპრომისების საჭიროება არ ცვლის ძირითად პრინციპებს:
– თავისუფლება თავისთავადი ღირებულებაა.
– არავისი ახირებები არ დგას სხვის თავისუფლებაზე მაღლა.
მაგალითად, თუ ხელისუფლებას ცუდად ხვდება თვალში ვიღაცის ჩაცმულობა, ვარცხნილობა ან შეხედულებები, არ აძლევს უფლებას, ალტ-ინფოელები მიუქსიოს.
არც ჩვენ ჩავერევით ფიზიკურად ირაკლი კობახიძის ვარცხნილობაში და ნურავინ ჩაერევა ჩვენსაში – ვიტყოდი, ვარცხნილობა რომ მქონდეს.
თუ სამთავრობო კაბინეტებში გადაწყვიტეს, რომ ტაბელების შევსება ჯადოსნურად გაზრდის მოქალაქეთა ბედნიერებას – არაა საკმარისი მიზეზი, ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს ყოველდღე ტაბელების შევსება დავაძალოთ. ვინ როგორ მართავს საკუთარ ორგანიზაციას, ვინ რის კეთებაზე უთანხმდება და რის ნაცვლად – მათი საქმეა.
სახელმწიფოს როლის ასეთი მოკრძალებული ხედვა დღეს იმდენად უჩვეულოა, რომ ხშირად შიშს იწვევს – რა ეშველება მოქალაქეს, ყველა სფეროში მთავრობის მამაშვილური მზრუნველობის გარეშე.
კლასიკური ლიბერალის პასუხია: ჯობს, ადამიანები დავაზღვიოთ უკიდურესი შემთხვევებისგან, ვიდრე ვმართოთ მათი ყოველი მოძრაობა, როგორც თოჯინების თეატრში.
ზედმეტი რეგულაციებით ერთ-ერთი ყველაზე დამძიმებული სფერო განათლებაა.
ხელისუფლების შიშები
ფრანკლინის კლუბის წინააღმდეგ ხელისუფლების გააფთრებული ბრძოლა არსებითად სწორედ თავისუფალი განათლების შიშს უკავშირდება. მართალია, მთავრობა მჭიდროდ აკონტროლებს ოფიციალურ სასწავლებლებს, მაგრამ ადამიანებს რჩებათ სურვილი, „კლასგარეშე” ისწავლონ რაც უნდათ, ვისგანაც უნდათ.
არაფორმალური განათლების გარეშე, თავის დროზე ვერც ილიასა და იაკობის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება იარსებებდა. ეს პროექტი არ შეუქმნია მაშინდელ სახელმწიფოს – ცარის რუსეთს – და არც მაშინდელი რეგულაციებიდან აღმოცენებულა.
ფრანკლინის კლუბის პროექტებიც არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნის აშკარა მაგალითია – ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე, ყოველთვე ასზე მეტი ახალგაზრდა საკუთარი ნებით მოდიოდა კლუბის ლექციებზე, რასაც „ვიქენდის” დიდ ნაწილს უთმობდა. განაცხადი ყოველთვის ადგილზე მეტი იყო: სწავლის ინტერესი ადამიანის ბუნებრივი თვისებაა.
რას ამბობს დღევანდელი ხელისუფლება ფრანკლინის კლუბის წინააღმდეგ აგრესიული პროპაგანდით – რატომ გვიწოდებენ „ანარქისტებს”, „ტერორისტებს”, „მორალურად არალეგიტიმურებს”, „ქართველობასთან მებრძოლებს”? რატომ ახსენებენ ჩვენს გვერდით „სატანიზმს”?
სულ მცირე, მათი მიზანია, იმდენად დააშინონ ჩვენი პოტენციური მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, დირექტორები, რომ ჩვენს ლექციებზე ფართო მოთხოვნა აღარ იყოს. საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის თესვა გეგმა ბ-საც უქმნის ნიადაგს: თუ მხოლოდ პროპაგანდამ ვერ გაჭრა, დემონიზებული, „ანარქისტტერორისტულად” შერაცხული ორგანიზაცია უფრო ადვილია, უკანონოდ დაჩაგრო.
თუკი ორი ათასი ახალგაზრდის მიერ რამდენიმე შაბათ-კვირაში მიღებული ალტერნატიული განათლება ასეთი შემზარავია ხელისუფლებისთვის, გასაგები ხდება, რამხელა პოტენციალი აქვს განათლების მთელი სისტემის თუნდაც ნაწილობრივ გათავისუფლებას.
მეტი თავისუფლება განათლებაში დარჩება ფრანკლინის კლუბის ერთერთ მიზნად „ქართული ოცნების“ მმართველობაშიც და შემდეგაც.
კლუბის ისტორია
შემთხვევითი არაა, რომ ჩვენს ორგანიზაციას კლუბი დავარქვით და არა ცენტრი ან ინსტიტუტი.
სწორედ კლასიკურ ლიბერალიზმთან იყვნენ ყველაზე ახლოს აშშ-ისა და საქართველოს დამფუძნებელი მამები – ბენჯამინ ფრანკლინიდან ილია ჭავჭავაძემდე, – მაგრამ მეოცე საუკუნემ წინა პლანზე სხვა, უფრო კოლექტივისტური იდეოლოგიები წამოსწია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა პოლიტიკური ცხოვრების მიღმა: კულტურულ სივრცეში.
დღესდღეობით მემარცხენე კინო, მემარცხენე ლიტერატურა, მხატვრობა და ბარებიც კი ჩვეულებრივი ამბავია. მათ საპირწონედ, კონსერვატორებს ხშირად ისეთი გამაერთიანებელი ფაქტორები აქვთ, როგორიცაა გარკვეული ტრადიციებისა და ცხოვრების წესის ერთგულება.
სანამ მემარცხენეები და კონსერვატორები საკუთარი კულტურული ღერძებისა და მტრის ხატების გარშემო ერთიანდებოდნენ, კლასიკური ლიბერალები მშრალ პოლიტიკურ დავებს მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე გამაერთიანებელი სივრცის მშენებლობას.
შედეგად, საზოგადოებაში მემარცხენეობასა და კონსერვატიზმს გაცილებით მაღალი ხილვადობა აქვს, ხოლო ლიბერალიზმი ძირითადად ერთის ან მეორის ჩრდილში არსებობს – მათში გაზავებული და სახეცვლილი ფორმებით.
არადა, კლასიკურ ლიბერალურ ინდივიდუალიზმს უამრავი ბუნებრივი მოკავშირე ჰყავს – მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების შემქმნელებიდან, თავისუფალი სულისკვეთების ხელოვანებამდე.
კლასიკური ლიბერალიზმი მოგებიანია, სულ ცოტა, ყველასთვის, ვინც არ ხეირობს სახელმწიფოებზე დაშენებული პრივილეგიებით და ორმაგი სტანდარტებით, ან უბრალოდ ზედმეტი ჩარჩოები აწუხებს.
ამიტომაც გაგვიჩნდა ისეთი პლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გააერთიანებდა ნებისმიერ კლასიკურ ლიბერალს, პროფესიის თუ ასაკის განურჩევლად.
კლუბის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია, დააკავშიროს ასეთი ადამიანები და ხელი შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობას.
ამ მიზანთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეორეც: ადამიანებისთვის კლასიკური ლიბერალიზმის არსის ახსნა და სხვა იდეოლოგიებთან შედარება.
გვჯერა, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის დაბალანსებული, მრავალმხრივი განხილვის პირობებშიც საკმარისი თანამოაზრე გვეყოლება.
მომავალი: აკადემია და მეტი
პოლიტიკური იდეოლოგიების შესავალი კურსი მხოლოდ ერთ-ერთი საგანი იყო, რასაც ფრანკლინის აკადემიაში ვასწავლიდით, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის საწყისებთან და დებატების ხელოვნებასთან ერთად.
ფრანკლინის აკადემია საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით არსებობდა. უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას შეეწირა, რაც მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის აშკარა ილუსტრაციაა.
ხელისუფლებამ დასაჯა თავისუფალი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მოსწავლეები მხოლოდ საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ.
ამის მიუხედავად, არც ფრანკლინის აკადემიის დახურვას და არც სხვა აქტივობების გაჩერებას არ ვაპირებთ. უნივერსიტეტის მიღმა კლუბი მეტ პროექტს დაიწყებს და განახლებული აკადემიაც მეტად მოერგება კლუბის მიზნებს.
ხელისუფლება ვერ გააჩერებს ცოდნის გავრცელებას, თუ არ მიმართავს კატასტროფულ ზომებს, მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული დიქტატურების კვალდაკვალ.
გვჯერა, ამას საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს – ილიას გზა გაიმარჯვებს სტალინისა და „ასავალ-დასავალის“ გზაზე.
დატოვე კომენტარი