ფულის მულტიპლიკატორი (ინგლისურად money multiplier) არის ქვეყნის ეკონომიკაში ფულის შექმნა დონის მაჩვენებელი. როდესაც ქვეყნის ეროვნული/ცენტრალური ბანკი ეროვნულ ვალუტას ბეჭდავს და მას მიმოქცევაში უშვებს, ფულის ყოველი ერთეული ახალ ფულს ქმნის. მაგალითად, 2022 წლის მაისის ბოლოს საქართველოში სარეზერვო ფული (ეროვნული ბანკის ემიტირებული ფული) 10.2 მილიარდი ლარი იყო, ფართო ფული (M2, რომელიც ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებსაც მოიცავს) კი 16.1 მილიარდი ლარი. გამოდის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულმა ყოველმა ერთმა ლარმა საბოლოოდ 1.57 ლარი შექმნა (16.1 შეფარდებული 10.2-თან). სწორედ, ეს კოეფიციენტი – 1.57 არის ფულის მულტიპლიკატორი.
პრაქტიკაში, მულტიპლიკატორის (გამრავლების) ეფექტი ასე მუშაობს: დავუშვათ, ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა დამატებით 100 ლარი, რომელიც მისგან ისესხა კომერციულმა ბანკმა. კომერციულმა ბანკმა ამ 100 ლარიდან გადაასესხა 90 ლარი, რომელიც დახარჯვის შემდეგ ისევ მოხვდა კომერციულ ბანკში და ბანკმა ისევ გადაასესხა 90-დან 80 ლარი და ა.შ. ეს 100 ლარი რამდენიმეჯერ მიიღებს მონაწილეობას გასესხების პროცესში და საბოლოო ეკონომიკაში 100 ლარზე რამოდენიმეჯერ მეტი ლარი შეიქმნება.
დატოვე კომენტარი