საგარეო ვალი (ინგლისურად External Debt) არის ქვეყნის რეზიდენტების ვალი სხვა ქვეყნის რეზიდენტების მიმართ. ქვეყნის რეზიდენტები არიან: მთავრობა, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო კომპანიები, კერძო კომპანიები და ბანკები და სხვა ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი.
ქვეყნის საგარეო ვალი ხშირად ერევათ ქვეყნის საგარეო სახელმწიფო ვალში, რომელიც მხოლოდ მთავრობისა და ეროვნული ბანკის, ან მთავრობის გარანტიით აღებულ საგარეო ვალებს მოიცავს.
ქვეყანა საგარეო ვალებს იღებს, როცა უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ვალს იღებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი. 2021 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალი 22 მილიარდ დოლარამდე იყო, საიდანაც 9 მილიარდ დოლარამდე მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, 1.7 მილიარდი სახელმწიფო კომპანიების ვალია, 4.6 მილიარდი კომერციული ბანკების ვალია და 7 მილიარდ დოლარამდე კერძო კომპანიების ვალია. კომერციული ბანკების საგარეო ვალი არარეზიდენტების ანგარიშებზე არსებულ ნაღდ ფულს და დეპოზიტებსაც მოიცავს.
საგარეო ვალი იყოფა მოკლევადიან და გრძელვადიან ვალებად. მოკლევადიანი მაქსიმუმ ერთ წელშია გადასახდელი, გრძელვადიანი კი – ერთი წლის შემდეგ.
საგარეო ვალის აღება ხდება პირდაპირი სესხებით, ობლიგაციების გაყიდვით, სავაჭრო კრედიტებით და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებით.
დატოვე კომენტარი