საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (ინგლისურად Tax lien/mortgage) არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახე. როდესაც საწარმოს ან ფიზიკურ პირს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება აქვს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ღონისძიებას მიმართოს. ამ დროს ქონების მფლობელს არ ეზღუდება ამ ქონების გამოყენება, მაგრამ დატვირთულია გირავნობით/იპოთეკით, ანუ ვერ გაასხვისებს ან ვერ აიღებს ახალ ვალდებულებებს ქონების უზრუნველყოფით. ამ გზით სახელმწიფო ცდილობს დააზღვიოს საკუთარი ინტერესები (ფულის მიღება), როდესაც გადასახადებს არ იხდიან.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება პირის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებაზე, გარდა ლიზინგით მიღებულისა. ასევე, შეიძლება გავრცელდეს დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილ ქონებაზე.