სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არის მდგომარეობა, როდესაც ბიუჯეტს ხარჯები უფრო მეტი აქვს, ვიდრე შემოსავლები. როგორ უნდა დახარჯო იმაზე მეტი ფული, ვიდრე შემოსავალი გაქვს? გამოსავალი ვალის აღება ან წინა წლებში დაზოგილი ფულის გამოყენებაა. მაგალითად, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იყო 13 მილიარდი ლარი, ამავე წელს ბიუჯეტის ხარჯები იყო 16.7 მილიარდი ლარი. ხარჯებს და შემოსავლებს შორის სხვაობა – 3.7 მილიარდი ლარი იყო დეფიციტი.
ბიუჯეტის დეფიციტის გაგებას ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ართულებს: ეს არის, რა ითვლება შემოსავლად და რა ითვლება ხარჯად. დღეს ქვეყნები ბიუჯეტის დეფიციტის დადგენისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმად შემოსავლებში შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე შემოსავლები (მაგალითად, გადასახადები, გრანტები და ა.შ.) და პრივატიზაციიდან მიღებული თანხა, ხოლო ხარჯებში მიმდინარე ხარჯები (ხელფასები, პენსია, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება, სუბსიდიები და ა.შ) და კაპიტალური ხარჯები.
ბიუჯეტის შემოსავლებში არ ითვლება და, შესაბამისად, დეფიციტზე გავლენა არა აქვს ვალის აღებით მიღებულ თანხას, დანაზოგების გამოყენებას, ფინანსური აქტივების კლებას (მაგალითად, ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას. ბიუჯეტის ხარჯებში არ ითვლება და, შესაბამისად, დეფიციტზე გავლენა არა აქვს მთავრობის ვალის ძირის დაფარვას, დანაზოგის ზრდას და ფინანსური აქტივების კლებას/ზრდას (მაგალითად, როდესაც მთავრობა ბიუჯეტიდან სესხებს გასცემს).
სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, ბიუჯეტის დეფიციტის ნაცვლად სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაში ტერმინი „ბიუჯეტის მთლიანი სალდო“ გამოიყენება. უარყოფითი სალდო ბიუჯეტის დეფიციტს ნიშნავს.
დატოვე კომენტარი