სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინგლისურად Consumer Price Index – CPI) ფასების ცვლილების დონის გამოსათვლელი მეთოლოგიაა. მას ქვეყანაში ინფლაციის დონის დასადგენად იყენებენ. რადგან საინტერესოა არა ერთ ან ორი დასახელების პროდუქციაზე ფასის ცვლილების დადგენა, არამედ, განისაზღვროს, საშუალოდ რამდენად შეიცვალა ფასები იმ მრავალრიცხოვან პროდუქციაზე, რაზეც ფულს ვხარჯავთ. სამომხმარებლო ფასების ინდექსში (სფი) შეტანილია 300-მდე დასახელების საქონელი და მომსახურება. აღნიშნულ 300-მდე საქონელს და მომსახურებას უწოდებენ სამომხმარებლო კალათას. ეს ის 300-მდე საქონელი და მომსახურებაა, რაზეც ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს, უფრო მეტად აუცილებელი მოხმარებისაა. ჩამონათვალი ღარიბი და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის ხარჯებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსახლეობის მდიდარი ნაწილის შემოსავლებთან.
სამომხმარებლო ფასების ინდექსში შემავალ 300-მდე საქონელს და მომსახურებას საკუთარი წონები აქვთ მინიჭებული. რაც მეტი წონა აქვს კონკრეტულ პროდუქტს, მისი ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს საბოლოო ინფლაციაზე. მაგალითად, პური ან შაქარი რომ ძვირდება 10%-ით, ეს გაცილებით მეტად ზრდის ინფლაციას, ვიდრე ნაყინი ან მსხალი რომ ძვირდება 10%-ით. წონების მინიჭება საქონლის და მომსახურების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე ხდება. რაზეც მეტ თანხას ხარჯავს მოსახლეობა, მას მეტი წონა აქვს.
სამომხმარებლო კალათის ცვლილება 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება. რამდენიმე დასახელების საქონელი და მომსახურება აკლდება და ახლები ემატება, ასევე იცვლება წონები. სამომხმარებლო კალათის ცვლილების საფუძველი მოსახლეობაში შეცვლილი სამომხმარებლო არჩევანია. სამომხმარებლო ფასების ინდექსის განახლება ანუ ინფლაციის დათვლა თვეში ერთხელ ხდება.
დატოვე კომენტარი