სარეზერვო ფული (ინგლისურად Reserve Money) არის ცენტრალური/ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ნაღდი ფულის, რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ ცენტრალურ ბანკში განთავსებული დეპოზიტების, მათ შორის სავალდებულო რეზერვების ანგარიშებსა და საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული ფულის ჯამი.
ნაღდი ფული მიმოქცევაში მოიცავს ცენტრალური/ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულ ეროვნულ ვალუტას (მაგალითად, საქართველოში ლარს) ცენტრალური ბანკის სალაროში არსებული ნაღდი ფულის გარდა, რომელსაც ფლობენ როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტები. სარეზერვო ფული ფართო ფულისა და დაკრედიტების გაფართოებას უწყობს ხელს.
შეიძლება ითქვას, რომ სარეზერვო ფული ქვეყანაში ფართო გაგებით ფულის შექმნის საფუძველია. მაგალითად, 2022 წლის მაისის ბოლოს საქართველოში სარეზერვო ფული 10.2 მილიარდი ლარი იყო, ფართო ფული (M2, რომელიც ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებსაც მოიცავს) კი 16.1 მილიარდი ლარი. გამოდის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულმა ყოველმა ერთმა ლარმა საბოლოოდ 1.57 ლარი შექმნა.
დატოვე კომენტარი