სტაგფლაცია (ინგლისურად Stagflation) აერთიანებს ორ ტერმინს – ინფლაციას და სტაგნაციას. ინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა, ხოლო სტაგნაცია ეკონომიკური განვითარების (ზრდის) შეჩერება ან მნიშვნელოვანი შენელებაა. შესაბამისად, სტაგფლაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება და, ამავე დროს, ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაზრდილია. სტაგფლაცია უფრო მძიმე მოვლენაა, ვიდრე ცალკე აღებული სტაგნაცია ან ინფლაცია, რადგან ფასები იზრდება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა ან არ გაზრდილა.
ტერმინი „სტაგფლაცია” მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, როცა სანავთობო შოკებით გამოწვეულმა ნავთობის ფასის ზრდამ პროდუქციის წარმოების შემცირება და ამავე დროს ფასების ზრდა გამოიწვია.
სტაგფლაცია იწყება მაშინ, როდესაც ეკონომიკურ კრიზისს მიწოდების შემცირება იწვევს ანუ მცირდება წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. თუ ამ პროცესს თან არ ახლავს მოთხოვნის შემცირება, ნაკლები მოცულობით წარმოებული პროდუქცია უფრო ძვირად იყიდება.
დატოვე კომენტარი