რა აწუხებს ქართულ ბიზნესს - კერძო სექტორი საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს ასახელებს

რა აწუხებს ქართულ ბიზნესს - კერძო სექტორი საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს ასახელებს

ბიზნესის განწყობის ინდექსი ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა.

2019 წლის პირველ კვარტალში, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა და 22.6 პუნქტი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 7.4 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.

გამოკითხული 44 მსხვილი და 116 მცირე ზომის საწარმო საკუთარი განვითარების პერსპექტივებს ბოლო 2 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად პესიმისტურად აფასებს.

კვლევის მიხედვით, რომელსაც ICC, BIA და ISET ატარებენ, ყველაზე პესიმისტურად არსებულ ვითარებას წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები აფასებენ.

საქართველოში 10-დან საშუალოდ 3 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი თვლის, რომ მათთვის მთავარი პრობლემა ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობაა. გამოკითხული კომპანიების 32% მთავარ პრობლემად სწორედ მოთხოვნას ასახელებს. განსხვავებულია სურათი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში, რომელთა უმეტესობა – 29% თვლის, რომ მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომაა.
მსხვილი ბიზნესისთვის ნომერ მეორე პრობლემა მუშახელის არარსებობაა. სწორედ ამ ხელისშემშლელ ფაქტს ასახელებს გამოკითხული მსხვილი კომპანიების 21% განვითარებისთვის. მსხვილი კომპანიების 6%-6%-სთვის კი მთავარი პრობლემა საწარმოო აღჭურვილობა და ბაზარზე მოთხოვნის არარსებობაა.

მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით მცირე ბიზნესისთვის მუშახელი მნიშვნელოვან ბარიერს არ წარმოადგენს და მათი მხოლოდ 8% ამბობს რომ ეს განვითარებისთვის მთავარი პრობლემაა. რაც შეეხება საწარმოო აღჭურვილობას, მსხვილ ბიზნესთან შედარებით 5%-ით მეტი, ანუ გამოკითხული მცირე კომპანიების 11% ამბობს, რომ ეს მათთვის მთავარი პრობლემაა.
კითხვაზე, „როგორი მოლოდინი გაქვთ საკუთარი კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით, მომდევნო სამი თვის პერიოდში“, კომპანიების 49% ამბობს, რომ მათ მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი აქვთ, 13% თვლის, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვლება, ხოლო 38% კი ცვლილებებს არ ელოდება.

ამასთან, გამოკითხული 160 კომპანიის 14% ელის, რომ მომდევნო სამ თვეში მათ კომპანიაში დასაქმებული პირების რაოდენობა შემცირდება, ზრდას 29% პროგნოზირებს, ხოლო 58% ცვლილებას არ ელოდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *