ავღანეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დახმარებებზე, რის გამოც ის საკმაოდ მყიფეა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნისათვის გაწეული საერთაშორისო დახმარებები მთლიანი შიდა პროდუქტის 22%-ს შეადგენდა. თუმცა, აღნიშნული მონაცემი ბევრად ნაკლებია 10 წლის წინანდელ მაჩვენებელზე, რომელიც 49%-ს უტოლდებოდა. ამჟამად კი საერთაშორისო დახმარებების ბედი მეტად გაურკვეველია. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თალიბანის მიერ ქვეყნის დაკავებისა და შარიათის კანონების დაბრუნების შემთხვევაში, გერმანია ავღანეთს ფინანსურად აღარ დაეხმარება.
ავღანეთს აქვს მნიშვნელოვანი მინერალური რესურსებიც, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია მათ ექსპლუატაციას უშლის ხელს.
მსოფლიო ბანკის თანახმად, ავღანეთის ეკონომიკის სისუსტე მეტწილად განპირობებული იყო ძალიან დიდი დანახარჯებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე თალიბების მიერ მართვის სადავეების ხელში ჩაგდებამდე. ქვეყნის დანახარჯები უსაფრთხოებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 29%-ს შეადგენდა. ცნობისათვის, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3%-ს უტოლდება.
ასევე, სახელმწიფოს აქვს ყველა ის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რომელიც უფრო უსაფრთხო გარემოსა და კორუფციის ნაკლებობის პირობებში, საერთაშორისო ბიზნესის უდიდეს ყურადღებას მიიპყრობს. ავღანეთს აქვს როგორც სპილენძის, კობალტის, ქვანახშირისა და რკინის საბადოები, ისე გაზი, ნავთობი და ძვირფასი ქვებიც.
გარდა ამისა, ავღანეთის ეკონომიკის სამომავლო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩინეთი და მისი დაინტერესება ავღანეთისადმი. ჩინეთს, დასავლური თანამეგობრობისაგან განსხვავებით, თალიბანთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც შეიძლება სამომავლო პერსპექტივაში დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს გაურკვეველი ბედის მქონე სახელმწიფოსთვის.
დატოვე კომენტარი