მაღალი ინფლაციის პირობებში, როცა ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივთან დაახლოებას, ხელისუფლებამ ფასების კონტროლი ყველაზე ეფექტიან ბერკეტად ჩათვალა. მედიკამენტები, ნავთობი და ახლა უკვე პროდუქტების ფასები – მთავრობა ყველგან კომპანიების მაღალი მოგების შემცირებას და ამით ფასების კლებას მოითხოვს.
ფასების კლება მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა მილიონდოლარიანი კითხვაა: რამდენად უზრუნველყოფს ამ ამოცანის მიღწევას ის მიდგომა, რაც ხელისუფლებამ არჩია – კერძოდ, ფასების კონტროლი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით?
სულ ბოლოს საქართველოს პრემიერ- მინისტრის კრიტიკა პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებმა დაიმსახურეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა და ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.
„ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და, მაგალითად, ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურას, შაქრის, ზეთის თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია 50%, 70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25%; გამოდის, ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა. მოგვიანებით, იგივე გაიმეორა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემაც.
მთავრობის არგუმენტია, რომ მას უკვე აქვს ორი შემთხვევა, როდესაც ფასების შემცირებას მიაღწია ან პროცესშია და, როგორც ჩანს, იმავე მოდელის გამეორება ახლა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც სურს.
ამ საავტორო სვეტში შევეცდები, ორივე ქეისი განვიხილოთ და ის შედეგებიც თუ კრიტიკაც, რაც უკვე მოჰყვა მთავრობის ჩარევას კერძო სექტორის ბიზნესლოგიკაში.
ქეისი #1: ნავთობპროდუქტები
პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, ზოგ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.
„ჩვენი ჩარევის შედეგად, გარკვეულწილად დარეგულირდა და შემცირდა ნავთობის ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემებს ვაკვირდები და ვხედავ, რომ აქ ისევ არის მაღალი მარჟები, ნავთობის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია. მინისტრებო, თქვენ უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა შევძლოთ გონივრულ ზღვრამდე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი. იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციას და მოწოდებას [იმპორტიორები] ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში – ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა.
ჩარევამ, რომელიც პრემიერ- მინისტრმა ახსენა, ამ ნაწილში ის შედეგი გამოიღო, რომ რუსეთი საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა.
2022 წელს საქართველომ 1.33 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.33 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა – თანხობრივად იმპორტი 62%-ით გაიზარდა, რაც საწვავის გაძვირებით იყო განპირობებული, ხოლო რაოდენობრივად იმპორტი 5%-ით გაიზარდა.
უმთავრესი ცვლილება, რაც ბაზარზე მოხდა, რუსულ ნავთობზე გადასვლა იყო. 2022 წელს საქართველომ ნავთობპროდუქტების 47% ($623 მლნ) რუსეთის ფედერაციისგან შეიძინა. შედარებისთვის 2021 წელს იმპორტის მხოლოდ 16% მოდიოდა რუსეთზე. მის ნაცვლად კი საქართველო ნავთობს ძირითადად თურქმენეთისგან და რუმინეთისგან ყიდულობდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ რუსული ნავთობის ღირებულება შეამცირა, რის გამოც საქართველოს ნავთობის იმპორტის სექტორმა ოკუპანტი მეზობლისგან შესყიდვები გაზარდა.
შარშან, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში პრემიერ- მინისტრმა იმ პერიოდისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებისა და ლარის გამყარების გამო, საწვავის იმპორტიორებს ფასის „კორექტირებისკენ” მოუწოდა, კონკურენციის სააგენტოს კი საკითხის მოკვლევა დაავალა. მაისში კონკურენციის სააგენტო პრემიერისთვის წარდგენილ ანგარიშში რუსული ბენზინის საფასო უპირატესობაზე წერდა.
როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი გვეუბნება, ბიზნესმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან შემოეტანა იაფი ნავთობი, რადგან ხარისხით ის მეორე ალტერნატივაზე – თურქმენეთის ნავთობზე უკეთესი იყო.
კითხვაზე – რუსეთს დღეს ძალიან უჭირს ნავთობპროდუქტების გაყიდვა, შესაბამისად, საქართველო ამ გადაწყვეტილებით ოკუპანტის მაშველი რგოლის ფუნქციას ხომ არ ასრულებს? – ვანო მთვრალაშვილი გვეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ „ჩვენც [საქართველო] ამ შემთხვევაში მოგებული ვრჩებით“.
ჩანს, რომ ყველაზე აშკარა ფასი, რასაც საქართველო ამ ეტაპზე შედარებით იაფ ბენზინსა და საწვავში იხდის, რუსეთის ბაზარზე მზარდი დამოკიდებულებაა, რაც გრძელ ვადაში, არც რეპუტაციულად და არც დივერსიფიკაციის მიზნებისთვის საქართველოსთვის მოგებიანი გარიგება არ არის.
ქეისი #2: მედიკამენტები
მთავრობა რომ მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული, ამას მედიკამენტებზე ფასების შემცირების პოლიტიკაც კარგად აჩვენებს. პროცესი მთავრობამ ბაზრის ლიბერალიზაციის გზით დაიწყო – კერძოდ, თურქეთის ბაზრის გახსნით, მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად შეამცირა. მთავრობის დათვლით, თურქეთის ბაზრის გახსნამ საქართველოს მოქალაქეებს 200 მილიონი ლარი დააზოგვინა.
„ამიტომ მე აქ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, – თქვა პრემიერმა ზოგადად იმპორტის კონტექსტში. – სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან და საჭიროა მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, ამ მოწოდებას და მიმართვას ანგარიშს გაუწევენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არასწორი საქციელია“.
ბაზრის ლიბერალიზაციით მედიკამენტებზე ფასების შემცირება სწორი მიმართულება იყო, თუმცა, ცხადია, ამ მიდგომით მოკლე ვადაში ზოგადად მედიკამენტების გაიაფება მარტივი ამოცანა არ არის – ამას დრო სჭირ დება. შესაბამისად, დროის დაჩქარების მიზნით, მთავრობამ ბაზარზე უფრო პირდაპირი ჩარევის ბერკეტიც გამოიყენა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დააწესა.
პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასი ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გაავრცელა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. კერძოდ, თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – რეალიზატორს მისი მაქსიმუმ 40%-იანი ფასნამატით რეალიზაციის უფლება ექნება. 50-დან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში ფასნამატი 15%-ით განისაზღვრა, 100 ლარის ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს.
დადგენილზე მაღალ ფასად მედიკამენტის გაყიდვის შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები 15 მარტიდან ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო შემდეგ დაჯარიმდებიან. ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ შექმნილია ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც ავტომატურად აისახება, თუკი ქვეყანაში გაყიდული მედიკამენტი დადგენილზე მაღალ ფასად გაიყიდება. საკითხზე კონტროლს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კანონის დარღვევა გამოიწვევს შემდეგ სანქციებს: „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას; ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით“.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მთავრობის მიზანი ფარმაცევტული ბაზრის სრულად გაკონტროლებაა. ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებიც, როგორც წესი, ამ სექტორში რეგულირების მომხრენი არიან, ამბობენ, რომ ამ ტიპის რეგულირება კონტრპროდუქტიული იქნება.
ექიმ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, „ამ ნაბიჯებით ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად შედის ე.წ. რეგულაციურ სპირალში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება“. მისივე შეფასებით: „სწორი ფასი ყოველთვის თავისუფალ ბაზარს მოაქვს და არა ჯანდაცვის სამინისტროს, საგადასახადოს ან ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის მიერ დაწესებულ ფასს“.
ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე კი გვეუბნება, რომ „სახელმწიფო კერძო სექტორის მიჯირყვნაზეა გადასული“. მისივე შეფასებით: „ფასების პირდაპირი რეგულაცია, ფასების კომიტეტის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია იცვლება“.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ბაზრების მეტად ლიბერალიზაცია, იგივე დაშვებული პაკეტის დანერგვა, რითაც სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხარჯის კიდევ უფრო მეტად ანაზღაურებას შეძლებდნენ, მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად უფრო სისტემური და ეფექტიანი მიდგომა იქნებოდა.
რეფერენტული ფასის დაწესების კონტექსტში, კიდევ ერთი ამ ეტაპზე თეორიულად განსახილველი საკითხი – მედიკამენტების მოსალოდნელი დეფიციტია. მთავრობა ასეთ რისკს არ აღიარებს – ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცედ სჯერა, რომ რეფორმის შედეგად მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტი ვერ შეიქმნება. ზურაბ აზარაშვილმა ისიც თქვა, რომ ბიზნესის მხრიდან დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მცდელობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ კი მინისტრის საპასუხოდ სპეციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის ბრალდების „სავარაუდო“ დაშვება ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ჩანს, რომ ყველაზე აშკარა ფასი, რასაც საქართველო ამ ეტაპზე მედიკამენტების დაჩქარებული წესით გაიაფების კვალდაკვალ იხდის, ბაზარზე მზარდი გაურკვევლობა და პოლარიზაციაა, რაც გრძელ ვადაში საქართველოს რეალობაში ყველაზე კომპლექსურ დარგში გასატარებელი რეფორმებისთვის მოგებიანი გარიგება არ არის.
თანამიმდევრული თუ პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა?
საზოგადოებრივი აზრის კვლევებში წელს პირველად მოხდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ (77%) ინფლაცია და ფასების ზრდა უფრო დიდ გამოწვევად დაასახელა, ვიდრე სიღარიბე და უმუშევრობა, რაც ბოლო წლებში თითქმის უცვლელად ხვდება იმ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა. გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია, 31%-ს მიაჩნია, რომ ინფლაცია უფრო მეტად ისეთი ფაქტორების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმაა.
ჩანს, მთავრობა და უშუალოდ პრემიერ- მინისტრი ცდილობენ, საზოგადოების დაკვეთას მყისიერად უპასუხონ და მისი კმაყოფილების გაზრდისთვის მოკლე გზებს ეძებენ. რამდენად მოგებიანია გარიგება, რომელსაც მთავრობა ფასების კონტროლის გზით ამომრჩეველთან დებს – 2024 წლის არ ჩევნებში გამოჩნდება.
დატოვე კომენტარი