რა დახმარების გაწევა შეუძლია დამოუკიდებელ დირექტორს საოჯახო ბიზნესებისთვის

რა დახმარების გაწევა შეუძლია დამოუკიდებელ დირექტორს საოჯახო ბიზნესებისთვის

საოჯახო ბიზნესი შეადგენს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ბიზნესები, როგორც ყველა სხვა, განიცდის აღმასვლას და დაღმასვლას, წარმატებას და კრიზისს. მიუხედავად იმისა რომ უფრო მარტივი და მოქნილი მართვის სისტემა წარმოადგენს საოჯახო ბიზნესის ერთ-ერთ უპირატესობას, ამ კატეგორიას გააჩნია თავისი გამოწვევები და რისკები, რომლის შემსუბუქებაც შესაძლებელია მხოლოდ სწორი მმართველობის სტრუქტურით.

საოჯახო ბიზნესი, როგორც წესი ორიენტირებულია ღირებულებებზე რომელიც ცდება მხოლოდ ფინანსურ მოგებას. მათი ხედვა არის გრძელვადიანი და გადადის მომავალ თაობებზე. სამწუხაროდ საოჯახო ბიზნესების დიდი ნაწილი ვერ ახორციელებს დასახულ მისიას. ზოგი მათგანი კოტრდება, ზოგი კი იყიდება სამომავლო გეგმების მისაღწევად საჭირო რესურსების არქონის გამო.

დამოუკიდებელი დირექტორის მოწვევამ საოჯახო ბიზნესში შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს სწორი ხედვის და მიზნების შექმნაში და არჩეული მისიის განხორციელებაში. ბიზნესის მესაკუთრის მხრიდან ამ ნაბიჯმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს კრიზისულ პერიოდში, როდესაც ოჯახურ და ნათესაურ ურთიერთობებს შეუძლია შეზღუდოს მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩოები, ამ დროს კი აზრების მრავალფეროვნება და მიუკერძოებლად სწორი პოზიციის დაფიქსირება ყველაზე ღირებულია.

რა თქმა უნდა სწორი მმართველობა ყოველთვის არ არის კაპიტალის ზრდის გარანტია, თუმცა სწორ მმართველობას გარანტირებულად შეუძლია შეამსუბუქოს კრიზისის გავლენა და შეამციროს უარყოფითი შედეგები.

რაში ეხმარება საოჯახო ბიზნესს დამოუკიდებელი დირექტორი

დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია გახადოს საოჯახო ბიზნესის მმართველობა საჭირო დოზებით ფორმალიზებული, რაც შეიტანს აუცილებელ დისციპლინას მმართველობაში.

დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია შესთავაზოს საოჯახო ბიზნესს მიუკერძოებელი ხედვა სადაც და როდესაც საჭიროა. ბიზნესები ხშირად იყენებენ გარე ექსპერტების დახმარებას, თუმცა მსგავს დახმარებას ან რჩევას არ აქვს ის ეფექტი, რაც ექნება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დამოუკიდებელი დირექტორის საბჭოს სხვა წევრებთან „ბრძოლის“ პროცესს.

დამოუკიდებელი დირექტორის ჩართულობა გარკვეულწილად გაამარტივებს საოჯახო ბიზნესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან იგი ასრულებს როგორც მოდერატორის როლს, ასევე შეუძლია გაარღვიოს ოჯახური ურთიერთდამოკიდებულების შეზღუდვები ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას.

საოჯახო ბიზნესს, უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლია შეამსუბუქოს სამართლებრივი დარტყმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამოუკიდებელი ხმების არსებობით.

რა პასუხისმგებლობას და მოვალეობას ინაწილებს დამოუკიდებელი დირექტორი

დამოუკიდებელი დირექტორი იმყოფება პატიოსნების ვალდებულების ქვეშ, შესაბამისად მას არ შეეძლება გამოიყენოს ბიზნესის პროცესები პირადი ინტერესის მიღების მიზნით და უნდა დააყენონ აქციონერებისა და საწარმოს ინტერესები საკუთარზე წინ. იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს სამეწარმეო გასჯის წესი (ობიექტურად სწორი საქმიანი გადაწყვეტილება), ეს მოვალეობები ყურადღებით უნდა შესრულდეს და დირექტორთა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ საფუძველზე.

დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია იყოს პრობლემური საკითხების გამხმოვანებელი და მხარეებს დაუსვას რთული კითხვები, რომელთა დასმას ერიდებიან ოჯახის წევრები ან ნათესავები. ოჯახის წევრებს შეუძლიათ დააფიქსირონ წუხილი და შეშფოთება საბჭოს დამოუკიდებელი წევრის მეშვეობით.

კრიზისულ და მძიმე პერიოდებში დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს საოჯახო ბიზნესის ღირებულებების გადარჩენაში. მაგალითად, დამოუკიდებელ დირექტორებს შეუძლიათ ითამაშონ შუამავლის როლი აქციონერთა ჯგუფებს შორის და ობიექტურად და მიუკერძოებლად იმსჯელონ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, მოლაპარაკება აწარმოონ კრედიტორებთან რეფინანსირების ან რესტრუქტურიზების საკითხებზე, წარმოადგინონ მოსაზრება რესტრუქტურიზაციის ალტერნატიულ ვარიანტებზე. იმ შემთხვევებში როდესაც დრამატული ცვლილებები გარდაუვალია, დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია მოლაპარაკება გამართოს კრედიტორებთან, რათა ოჯახმა შეძლოს შეინარჩუნოს ბიზნესში მონაწილეობა და მართვის შესაძლებლობები.

შეჯამება

ნებისმიერი ბიზნესის მიზანია გაზარდოს ამ ბიზნესის ღირებულება, ხოლო საოჯახო ბიზნესების კონტექსტში შექმნას სიმდიდრე თაობებისთვის. სწორი მმართველობა არის გრძელვადიანი წარმატების საწინდარი და ბიზნესის მართვის მომავალ თაობებზე წარმატებით გადაცემის მთავარი ელემენტი. დამოუკიდებელი დირექტორების მუდმივი მონაწილეობა ოჯახური ბიზნესების მმართველობით საბჭოებში არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სწორ მმართველობას წარმატებულ პერიოდებში, არამედ უზრუნველყოფს გულწრფელ, კრიტიკულ და მიუკერძოებელ მსჯელობას და რჩევებს განსაკუთრებით რთულ დროს, როდესაც სწორი ქცევა გადამწყვეტია ოჯახის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

 

გიგი ღლონტი

ბანკირი და ფინანსისტი 25 წელზე მეტი საბანკო და კომპანიების განახლების (გაჯანსაღების) პრაქტიკით. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, სახალხო ბანკის (ამჟამად ლიბერთი ბანკი) CEO-სა და კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად ტერა ბანკი) CEO-ს პოზიციებს. დღეს იგი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ამასთან არის „დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის“ საბჭოს წევრი და „პაშა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.

LinkedIn

დატოვე კომენტარი

6 კომენტარი

  1. I do love the manner in which you have framed this particular difficulty and it does indeed give us some fodder for thought. On the other hand, through what precisely I have experienced, I simply wish when the commentary pile on that folks remain on issue and not embark upon a soap box regarding some other news du jour. Yet, thank you for this outstanding piece and whilst I do not necessarily agree with it in totality, I respect the standpoint.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *