სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 0.8%-ით, წლიურ ჭრილში კი, 0.2%-ით გაიზარდა.
გასულ თვესთან შედარებით, ოქტომბრის თვეში ფასების ყველაზე დიდი, 3.6%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. ერთთვიან ჭრილში, ასევე შედარებით მაღალი პროცენტული ზრდა მივიღეთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში – 3.4%, რომელსაც ღირებულების 1.3%-იანი ზრდით ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი მოჰყვება.
სხვა ყველა შემთხვევაში, გასულ თვესთან შედარებით ფასების ჰარმონიზებული ინდექსი ან უმნიშვნელოდ, 1%-ზე ნაკლებითაა გაზრდილი, ან პირიქით – იკლებს. ფასების ყველაზე დიდი, 1.7%-იანი ვარდნა აღინიშნა განათლების მიმართულებით, რომელიც სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის ყველაზე მაღალი (5.1%) ზრდით გამოირჩეოდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის ზრდით შემდეგი ჯგუფები ლიდერობენ: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.7%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 6.6%; სასტუმროები, კაფეები, რესტორნები – 4.4%; განათლება – 3.6%.
საპირისპიროდ, წლიურ ჭრილში ფასების ყველაზე მაღალი ვარდნა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში აღინიშნა – 3.4%, შემდეგ მოდის დასვენება, გართობა და კულტურა – 3.3%-იანი და კავშირგაბმულობა – 2.5%-იანი კლებით.