დღეს, 15 მაისს, ლარი დოლართან მიმართებით 4.6 თეთრით, ევროსთან – 5.7 თეთრით, გირვანქა სტერლინგთან კი 7.3 თეთრით გაიაფდა. ვაჭრობის შედეგად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.7323-ით, ევროსთან 2.9577-ით, გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი 3.4460-ით განისაზღვრა. აღნიშნულ ცვლილებას ფინანსური და ეკონომიკური ანალიტიკოსები სხვადასხვა მოვლენას უკავშირებენ.
ცნობისთვის, დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამ მომენტში ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი 12%-ით, „თიბისი ბანკის“ აქციათა ფასი კი 16%-ითაა შემცირებული. დიდი კლება განიცადა ლონდონში დალისტულმა მესამე ქართულმა კომპანია „საქართველოს კაპიტალმაც“. კომპანიის აქციათა ღირებულება 8%-ითაა შემცირებული.
ევროპულ საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციათა ფასის მკვეთრ შემცირებას ანალიტიკოსები გუშინ, საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირებენ. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ კანონის მიღებით ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ ინვესტორებში უარყოფითი მოლოდინები გამოიწვია, რის გამოც მათ პოზიციების დახურვა და აქციების გასხვისება დაიწყეს.
საფონდო ბირჟებზე ორი ქართული უმსხვილესი ბანკის აქციების ფასის დრამატულმა ცვლილებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაშიც. მომხმარებელთა მოლოდინების გაუარესების და საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე განთავსებული ქართული ბანკების დაღმავალი პოზიციების გამო, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ლარში არსებული დეპოზიტების სხვა, უფრო მყარ ვალუტებში გადატანა. აღნიშნულის გამო კი ლარის გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურდა.
საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი კურსის დასასტაბილურებლად. ანალიტიკოსები ელიან, რომ ეროვნული ბანკი დოლარის რეზერვებს გამოიყენებს და სავალუტო აუქციონებზე ხვალიდან დიდი რაოდენობით დოლარს გაყიდის. თუმცა, ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მოკლე ვადაში ლარის გაცვლითი კურსი ვერ დაასტაბილუროს.