ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სომხეთის დედაქალაქ ერევანში ყოველწლიურ შეხვედრას მართავს. შეხვედრისას EBRD-ის წარმომადგენლებმა იმ რეგიონების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზეც ისაუბრეს, რომელთაც ბანკი ფარავს, ამასთან ერთად კი რუსეთის ეკონომიკაზე მათ მიერ დაწესებული სანქციების გავლენაც განიხილეს.
„ვფიქრობ, არარეალური იყო იმის მოლოდინი, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ქვეყანაში ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებდა“, – განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა იავორჩიკმა.
რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს 3.6%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.5%-ით გაიზრდება, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება სექტემბრის პროგნოზებს.
რუსეთის ეკონომიკა ომამდელ დონეს დაუბრუნდა. „ქვეყანა ხელახლა ფოკუსირდა ომზე კონცენტრირებულ ეკონომიკაზე, რაც მის სწრაფ ზრდას იწვევს, თუმცა გამოიხატება თუ არა ეს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში? ჩვენ შეგვიძლია, ეჭვი შევიტანოთ ამაში“, – განაცხადა იავორჩიკმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, სანქციებმა შეზღუდა რუსეთის ტექნოლოგიების იმპორტი და კვალიფიციური მუშახელის განვითარებისთვისაც დაბრკოლებად იქცა. „საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკური ზრდა იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე სანქციების გარეშე იქნებოდა,“ – დაამატა ეკონომისტმა.
EBRD-ი სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსაც ფარავს. მაშინ როდესაც მოსალოდნელია, რომ ამ რეგიონში ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება, ზრდა მაინც მოსალოდნელზე დაბალი იქნება. რაც ღაზაში მიმდინარე ომითა და ეგვიპტეში მსხვილი საჯარო საინვესტიციო პროექტების გადადებითაა გამოწვეული. ასევე შესაძლოა გაგრძელდეს ის უარყოფითი გავლენაც, რომელიც მიმდინარე დაპირისპირებას ლიბანისა და იორდანიის ტურიზმზე აქვს.
თავის მხრივ, ეგვიპტის შიდა შემოსავლები, რომლებიც ქვეყანას სუეცის არხის გადასახადებიდან ჰქონდა, მკვეთრად შემცირდა. გადასახადების კლება იემენელი ჰუსიტი მეამბოხეების მხრიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას მოჰყვა. თუმცა EBRD-ი აღნიშნავს, რომ შემოსავლის ეს დანაკარგი ანაზღაურდება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, რომელმაც ეგვიპტეს მარტში დამატებით $5 მილიარდის სესხი გადასცა.
1991 წელს შექმნის შემდეგ, ბანკი ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთშიც გაფართოვდა. მისი ვარაუდით, წელს ყველა ამ რეგიონში 3%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნების მიუხედავადაც, რამაც ლტოლვილთა დიდი ნაკადი შექმნა, სომხეთის ზრდის პროგნოზი ამ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 6.2%-ით განისაზღვრა.
„(სომხეთის) მთავრობა დაეხმარა ყარაბაღელი ლტოლვილების ინტეგრაციას სახელმწიფო დანახარჯებით, რამაც ეკონომიკის ზრდაზეც დადებითად იმოქმედა“, – თქვა იავორჩიკმა.