პანდემიის შედეგად, ამერიკელ მოსწავლეებში მუდმივი სასოწარკვეთილების და უგუნებობის მაჩვენებელმა იმატა, რამაც ახალგაზრდებში არსებული მენტალური დაავადებების კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელშიც მონაწილეობა 7,705-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საშუალო სკოლის უფროსკლასელებში სასოწარკვეთილებისა და უგუნებობის მაჩვენებელმა 44.2% შეადგინა, რაც სამი წლის ჭრილში 7.5%-იან ნამატს ნიშნავს. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია ლგბტქ+ კომუნის წარმომადგენლებში – ის 75.7%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ჰეტეროსექსუალ მოსწავლეებში ეს მაჩვენებელი 36.7%-ს უდრის.
ამასთანავე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ სუიციდის მცდელობის ალბათობა თითქმის ორჯერ უფრო დიდია მდედრობითი, ვიდრე მამრობითი სქესის მოსწავლეებში – საერთო ჯამში, 2019-2021 წლებში სუიციდის მცდელობების რიცხვმა 0.1%-ით იმატა და 9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 2020 წელს თვითმკვლელობით სიცოცხლე 10-24 წლამდე ასაკის 6,627-მა ადამიანმა დაასრულა.
ბოლო დეკადის განმავლობაში ზრდა ყველა მიმართულებით დაფიქსირდა – 2009 წელს, მაგალითად, მუდმივი სასოწარკვეთილებისა და უგუნებობის გრძნობას მოსწავლეთა 26.1% უჩიოდა, სუიციდზე მოსწავლეთა 13.8% ფიქრობდა, ხოლო 6.3%-ს მისი მცდელობაც კი ჰქონდა.
დატოვე კომენტარი