რა ღირს და როგორ ივაჭრებოდა 2018 წელს ქართული კომპანიებისა და ბანკების აქციები

რა ღირს და როგორ ივაჭრებოდა 2018 წელს ქართული კომპანიებისა და ბანკების აქციები

ქართული ბანკების აქციების ფასი შემცირებულია, ქართული კომპანიების ბონდების შემოსავლიანობა კი გაზრდილი.

ქართული ბანკებისთვის, რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული გასული წელი წარმატებული არ აღმოჩნდა. კერძოდ, დღეს LSE-ზე ორი ქართული ბანკის – TBC-სა და საქართველოს ბანკის აქციები ივაჭრება. სებ-ის მონაცემებით, ორივე შემთხვევაში კი ფასი შემცირებულია.

TBC-ის აქციების ფასი 2018 წლის ბოლოს 14.3 გირვანქა სტერლინგი იყო, 2017 წლის ბოლოს კი 16.6 გირვანქა სტერლინგი. წლის განმავლობაში ბანკის აქციების ყველაზე მაღალი ფასი აპრილში ფიქსირდებოდა – 18.3 GBP, რის შემდეგაც მან შემცირება დაიწყო. 2017 წელს TBC-ის აქციების საშუალო ფასი 16.6 გირვანქა სტერლინგი იყო, 2016-ში კი 14.7 GBP.

რაც შეეხება საქართველოს ბანკის აქციებს, მისი ფასი 2018 წლის ბოლოს 13.5 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, 2017 წლის ბოლოს კი 23.2 გირვანქა სტერლინგს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოდან ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად განთავსდა, მანამდე კი ის BGEO ჯგუფის სახელით ივაჭრებოდა. ივნისის დასაწყისში ბანკის აქციების ფასი 19.5 GBP იყო, რის შემდეგაც მან შემცირება დაიწყო და წლის ბოლოს 13.5 GBP შეადგინა.

რაც შეეხება ქართული კომპანიების ბონდებს, მათი შემოსავლიანობა ბოლო ერთ წელში გაზრდილია.

საქართველოს რკინიგზის 10 წლიანი კორპორატიული აშშ დოლარით დენომინირებული ბონდების შემოსავლიანობა 2018 წლის ბოლოს 6.5% იყო, 2017 წლის ბოლოს კი 4.7%. წლის განმავლობაში ბონდების ყველაზე მაღალი შემოსავლიანობა დეკემბერში დაფიქსირდა – 6.5%, ყველაზე დაბალი კი 2018 წლის იანვარში – 4.9%. საქართველოს რკინიგზის ბონდების შემოსავლიანობა 2017 წელს საშუალოდ 4.7% იყო, 2016 წელს 6.3%, ხოლო 2015 წელს კი 7.2%.

გაზრდილია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 5-წლიანი კორპორატიული ბონდების შემოსავლიანობაც. თუკი 2017 წლის ბოლოს ის 4.2%-ს შეადგენდა, 2018 წლის დეკემბერში შემოსავლიანობა 6.4%-მდე გაიზარდა. 2017 წელს GOGC-ს ბონდების შემოსავლიანობა საშუალოდ 4.3%-ს შეადგენდა, 2016-ში კი 5.7%-ს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 10 წლიან ბონდებს, მათი შემოსავლიანობა 4.4%-მდე გაიზარდა. 2017 წლის ბოლოს კი 2.9%-ს შეადგენდა. 2017 წელს მთავრობის ბონდების საშუალო შემოსავლიანობა 2.9% იყო, 2016-ში 4.5%, ხოლო 2015-ში კი 5.8%.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *