მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის სასიცოცხლო ხანგრძლივობა გაიზარდა და ტექნოლოგიები მრავალი დაავადების განკურნების საშუალებას იძლევა, ქრონიკული დაავადებები მაინც რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. დასაწყისისთვის უნდა განვმარტოთ, რომ ქრონიკული დაავადება ეს გახლავთ დაავადება, რომელიც მინიმუმ ერთი წელი და მაქსიმუმ მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს ადამიანს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გარდაცვალებათა 73% სწორედ ქრონიკულ დაავადებებზე მოდის. ეს კი საკმაოდ კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რაოდენ რთულია ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლა და მასთან ერთად ცხოვრება.
ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზებიდან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანია: არასათანადო კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის დიდი მოხმარება. შეერთებულ შტატებში 10-დან 6 მოზარდი ქრონიკული დაავადების მატარებელია. მეტიც, ათიდან ოთხი მოზარდი კომბინაციურად ორი ქრონიკული დაავადებით არის დასნებოვნებული.
აღნიშნულ დაავადებებს შორის ყოველწლიურად ყველაზე დიდი რაოდენობით სიკვდილიანობას გულის დაავადებები, სიმსივნე და დიაბეტი იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მათი მკურნალობა და დამძიმების პრევენცია არა მხოლოდ ადამიანურ რესურსს, არამედ ეკონომიკურ-მატერიალურ შესაძლებლობასაც მოითხოვს.
ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში გულის დაავადებებით 850 000-მდე ადამიანი იღუპება. მათთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევა კი შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემას 363 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება. 600 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად სიმსივნის გამო. 1.7 მილიონ ადამიანს კი სიმსივნის დიაგნოზი უმტკიცდება. კიბოს პრევენციული ზომებისათვის აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა ყოველწლიურად 174 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. რაც შეეხება დიაბეტს, მისი მკურნალობისათვის დახარჯული თანხის რაოდენობა 327 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პრობლემაა დღევანდელი მსოფლიოსათვის. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დიაბეტით 463 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ხოლო თუკი ვითარება არ დასტაბილურდა 2045 წლისათვის, 700 მილიონამდე ადამიანი იქნება დაავადებული. დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ჩინეთშია და 116.4 მილიონ ადამიანს უტოლდება. შემდეგ მოდის ინდოეთი 77 მილიონი ადამიანით და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს 31 მილიონი შემთხვევით.
შესაბამისად, ყველა ვხვდებით, რომ ამ მძიმე პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. რიგ სახელმწიფოებში, ჯანდაცვის სისტემები უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევასა და მედიკამენტებით მომარაგებას, თუმცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ეს ყველაფერი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ქრონიკული დაავადებების მკურნალობა და პროცესის დასტაბილურება საკმაოდ ძვირი ჯდება. სხვადასხვა დათვლით, სამი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს ცხოვრების ხარჯები დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძვირი უჯდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს.
გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების შემცირებაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოთ აღნიშნული ფსიქოლოგიური ფაქტორიც. პაციენტებს დეპრესიის გამო ხშირად არ სურთ არანაირი მკურნალობის ჩატარება მიუხედავად იმისა, ამის შესაძლებლობა აქვთ თუ არა. ეს კი საქმეს კიდევ უფრო მეტად ართულებს.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პაციენტების 9-10%-ს სათანადო სამედიცინო მომსახურება და დახმარება არ ეწევა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ნემსის ეშინიათ. ზემოთ გაჟღერებული ყველა გარემოება კი საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ პაციენტების 50% არ ან ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ალბათ, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში ყველაზე დიდ როლს ფინანსური მხარე თამაშობს.
დატოვე კომენტარი