2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და 981,668 შეადგინა. ქართული შემომყვანი ტურისტული კომპანების ინფორმაციით, საქართველოს უმეტესად ევროპელი და აზიელი ტურისტები სტუმრობენ და მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტური მოგზაურია. ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ საქართველო ცნობილია, როგორც იაფიანი სამოგზაურო მიმართულება.
შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოში 1 კვირიანი მოგზაურობა საშუალოდ 600-დან 1800 ევრომდე ჯდება – ეს სხვაობა კი სასტუმროს ფასებიდან გამომდინარეობს. ია თაბაგარი ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი ღვინის ტურების მიმართულებით, ასევე გაზრდილია ინდივიდუალური მოგზაურების რიცხვიც, ვინც სამოგზაუროდ ტურისტულ კომპანიას არ მიმართავენ.
ტურისტული კომპანიების ინფორმაციითაც, საქართველოში 1 კვირიანი მოგზაურობა საშუალოდ 600-700 დოლარი ჯდება, თვითმფრინავის ბილეთის ფასის დამატებით კი აღნიშნული ციფრი ორმაგდება. Coulor Tour Georgia-ში ამბობენ, რომ 1 დღის ხარჯი ტურისტისთვის საქართველოში საშუალოდ 70$-ია. ყველაზე ძვირი კი სეზონურობიდან გამომდინარე მოგზაურობა აჭარის რეგიონშია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს, კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ციფრში შედის კვების, განთავსების, გართობისა და აჭარაში ყოფნისას განხორციელებული ყველა აქტივობის ხარჯი. მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანსპორტი, რომლითაც ვიზიტორმა აჭარაში ჩამოსვლამდე და რეგიონში ისარგებლა.
დატოვე კომენტარი