ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებისათვის ერთი წუთის ინტერვალით შესაძლოა ბევრი არაფერი იცვლებოდეს, თუმცა როდესაც საქმე გვაქვს ინტერნეტთან, ვითარება სრულიად საპირისპიროა. დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა დაახლოებით 5 მილიარდ ადამიანს აქვს.
პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მან არა მხოლოდ ადამიანური კავშირების ფორმირება მოახდინა, არამედ შეცვალა ისიც თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან ბრენდები და ციფრული სამყარო. ამავდროულად მან შეცვალა ჩვენი კვების, მუშაობისა და გართობის გზებიც. ცნობილმა გამოცემა Visual Capitalist-მა გამოაქვეყნა შესანიშნავი ინფოგრაფიკა, თუ რას აკეთებს ინტერნეტი ყოველი ერთი წამის ინტერვალით.
ციფრული სამყაროს გულში სწორედ ისეთი აპლიკაციები გვხვდება, რომლებიც თანდათანობით ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ინტერნეტი კი, შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ ასახავს ადამიანთა საჭიროებებს და შემდეგ ეფექტიანად აღრიცხავს მას.
უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად, ყოველ ერთ წუთში ელექტრონული კომერციის პიონერის, Amazon-ის, პლატფორმაზე 283 000 აშშ დოლარი იხარჯება. Apple-ის ფუნქციონალით, iMessage-ით ყოველი წუთის განმავლობაში 12 მილიონი ადამიანი უგზავნის ერთმანეთს შეტყობინებას. 6 მილიონი ადამიანი ონლაინშოპინგითაა დაკავებული. Instacart-ის მომხმარებლები ყოველი წუთის განმავლობაში 67 000 აშშ დოლარს ხარჯავენ. Slack-ზე 60 წამში 148 000 შეტყობინება იგზავნება.
ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი, საკუთარი პლატფორმა Teams-ის მეშვეობით ყოველ წუთში 100 000 მომხმარებელს აკავშირებს ერთმანეთთან. Youtube-ზე ყოველ 60 წამში ერთხელ 694 000 ახალი ვიდეო განთავსდება. Facebook-ლაივების ჩართვები ყოველი წუთის განმავლობაში 44 მილიონ ახალ ნახვას აგროვებს. Instagram-ის მომხმარებლები კი საკუთარი მიმდევრებს 65 000 ახალ ფოტოს უზიარებენ. ჩინური გიგანტის, TikTok-ის მომხმარებლები წუთში 167 მილიონ ვიდეოს უყურებენ.
ალბათ თავადაც შეატყობდით, რომ აღნიშნული რიცხვები კოლოსალურია. შესაბამისად, ძალიან დიდია ადამიანების ამ პლატფორმებზე დამოკიდებულების მაჩვენებელიც. თუმცა, ამაზე საინტერესო ისაა, რომ ეს რიცხვები ზემოთ აღნიშნული კომპანიებისათვის პირდაპირპროპორციულად ითარგმნება შემოსავლებში. სამყაროს ყველაზე მდიდარი კორპორაციებიც ხომ სწორედ ზემოთ აღნიშნული ბრენდები გახლავთ. უდიდესია მათი გავლენაც ადამიანთა ცხოვრებაზე. იმდენად დიდი, რომ მისგან განკურნება უკვე თითქმის შეუძლებელია.
მაგალითად, ელექტრონული კომერციის პიონერის, Amazon-ის შემოსავლები, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებაც 1.8 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ერთი წუთის განმავლობაში თითქმის ერთი მილიონით იზრდება. 850 000 აშშ დოლარით იზრდება Apple-ის შემოსავლები ყოველი 60 წამის გასვლის შემდეგ. მისი საბაზრო კაპიტალის ღირებულება კი 2.4 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს სამი უმდიდრესი კომპანიის სიაში ახვედრებს. თითქმის ნახევარი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ წუთში Google-ის საძიებო სისტემაში დასერჩილი 5.7 მილიონი ინფორმაცია 433 000 ათას აშშ დოლარს უტოლდება. Microsoft-ი კი ყოველი წუთის გასვლის შემდეგ დამატებით 327 000 აშშ დოლარს იღებს. Facebook-სათვის აღნიშნული მაჩვენებელი 213 000 აშშ დოლარს უტოლდება.
შედეგად, როგორც ვნახეთ, ადამიანთა დამოკიდებულება აღნიშნულ პლატფორმებზე არა მხოლოდ კოგნიტურ, არამედ მატერიალურ ხასიათსაც ატარებს. რაც მეტი ადამიანი ატარებს დროს ინტერნეტში, მით მეტად იზრდება კომპანიათა შემოსავლებიც ყოველი წუთის გასვლის შემდეგ.
სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტის მოხმარებაზე დამოკიდებულება ყოველ ორ წელიწადში თითქმის ორმაგდება. ეს ტენდენცია კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.
შედარებისათვის, 2016 წელს პოპულარული პლატფორმის, Snapchat-ის მომხმარებლები ყოველ წუთში 527 000 ფოტოს იღებდნენ. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონს უტოლდება. 2017 წელს ტვიტერზე წუთში 400 000 ტვიტი თავსდებოდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 575 000-ს უდრის.
შესაბამისად, აღნიშნული ტენდენციები სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს. მაშინ როდესაც 1993 წელს ინტერნეტს მთელ მსოფლიოში 14 მილიონი ადამიანი იყენებდა, დღეს ამ რაოდენობის მომხმარებელი მას მხოლოდ ჩილეში ჰყავს. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, მხოლოდ 2021 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 11%-ით, 500 მილიონით გაიზარდა. ეს კი კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
დატოვე კომენტარი